კამპუსში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა

20 ნოემბერი 2015

20 ნოემბერს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „კვალიფიციური სპეციალისტი - წარმატების გარანტი: ვეტერინარია-მეცხოველეობის მეცნიერებები და სურსათის უვნებლობის მიმართულებები საქართველოში", რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, „სოფლის მეურნეობის შესაძლებლობათა განვითარება-საქართველო" (CBA-G) SIDA-ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) პროექტი და სურსათის ეროვნული სააგენტო. კონფერენცია ჩატარდა „სოფლის მეურნეობის შესაძლებლობათა განვითარება-საქართველო" (CBA-G) პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენციაში მუშაობდა ორი დარგობრივი სექცია:
1. - სავეტერინარო მეცნიერებები და სურსათის უვნებლობა
2. - მეცხოველეობის მეცნიერებები

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს სავეტერინარო დეპარტამენტის ხელმძღვანელები, უცხო ქვეყნის ექსპერტები, დარგის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და, რაც მთავარია, აგრარული უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები. ვეტერინარია-მეცხოველეობის მიმართულებით მომავალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სტუდენტის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განმტკიცებაზე, რასაც ჩვენი უნივერსიტეტი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა წარმოადგინეს დარგში არსებული აქტუალური თემები. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა და პრეზენტაციებმა. აღინიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები მნიშვნელოვანია როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე მომავალი სპეციალისტებისთვის და გადაწყდა, რომ აგრარულ უნივერსიტეტში მომავალშიც ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ახალგაზრდა თაობას იყვნენ უფრო აქტიურები და მონდომებულები მათ მიერ არჩეული პროფესიის დაუფლებაში.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი მადლობას უხდის კონფერენციის ორგანიზატორებს და მის მონაწილეებს.

 

მსგავსი სიახლეები