კონკურსების დაჯილდოება
27 მარტი 2014
22 და 23 მარტს კამპუსში საინჟინრო ტექნოლოგიური მიმართულების კონკურსების: ედისონის ლიგის, ახალგაზრდა ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსის და ჰაკათონის დაჯილდოვება გაიმართა. გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სხვადასხვა პრიზი და სასწავლო ვაუჩერები.
ედისონის ლიგის მონაწილეებს დავალებული ჰქონდათ გარკვეული ტიპის მასალებისგან დაემზადებინათ ხელსაწყოები და ეჩვენებინათ მოქმედებაში. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა 4900 ლარიანი ვაუჩერი, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს 2940 ლარიანი ვაუჩერი, 1200 ლარიანი ვაუჩერი ფინალში გასულ მონაწილეებს, 800 ლარიანი ვაუჩერი კი მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს. ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს.
ამავე დღეს გაიმართა ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოებაც. შეგახსენებთ, რომ 1 მარტს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ფიზიკოს-ექსპერიმენტატორთა კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. მათ წარმოადგინეს ფიზიკური მოვლენის შესასწავლი მოწყობილობები. მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელსაწყოებს აფასებდა აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების საინჟინრო-ტექნოლოგიური და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის დეკანებისა და პროფესორებისგან შემდგარი ჟიური. მონაწილე გუნდებმა მოიპოვეს სასწავლო ვაუჩერები, ხოლო გამარჯვებული გუნდის სკოლას გადაეცა 1500 ლარიანი განვითარებისა და მხარდაჭერის გრანტი.
სერტიფიკატები და სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ, ასევე, ჰაკათონში მონაწილე აბიტურიენტებსაც. შეგახსენებთ, რომ ჰაკათონი კამპუსში 14, 15 და 16 მარტს ჩატარდა, მასში მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იღებდნენ.