საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საცდელი ბაზები შეიქმნა 2012 წელს. ჩამოყალიბდა საცდელი მეურნეობები, რომლებიც წარმოადგენს ღია ლაბორატორიას როგორც უნივერსიტეტის მეცნიერებისთვის ისე სტუდენტებისთვის.
ამჟამად ფუნქციონირებს ორი ძირითადი ბაზა: ერთი აღმოსავლეთ საქართველოში (მცხეთის რაიონი, სოფელი მუხრანი, 165 ჰა), მეორე კი დასავლეთ საქართველოში (აბაშის რაიონი, სოფელი მარანი, 120 ჰა).
საცდელ ბაზებზე მიმდინარეობს სხადასხვა სასწავლო-სამეცნიერო სამუშაო. აღსანიშნავია, რომ საცდელ ბაზაზე უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიყვანეს 2 ახალი ქართული ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი - „თოლია“ - თეთრი ჰიბრიდი, და „ყაზბეგი“ - ყვითელი ჰიბრიდი.
მუხრანის საცდელ ბაზაზე, განთავსებულია მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოლექცია. კოლექცია მოიცავს 250 ჯიშზე მეტ ქართულ ვაზს, 100 ჯიშზე მეტ ინტენსიური ტიპის ვაშლის ჯიშს, უეკლო მაყვლის სადედე ბაღს და მაყვლის სანერგეს. აღნიშნული ბაზა ასევე გამოიყენება გენბანკის მიერ, რომლისთვისაც ყოველწლიურად ითესება სიმინდის, ხორბლის, ქერის, შვრიის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ასობით ჯიში.
ბაზაზე მიმდინარეობს, მარცვლეულის სხვადასხვა ჯიშზე დაკვირვება მავნებელ-დაავადებების გავლენის და ზემოქმედების დადგენის მიზნით. ასევე მიმდინარეობს, სხვადასხვა სასუქების და მცენარეთა დაცვის საშუალების მცენარეებზე ზემოქმედების დაკვირვება.
აბაშის ბაზაზე განთავსებულია თხილის კოლექცია, რომელიც მოიცავს 100-ზე მეტ ქართულ და უცხოურ ჯიშებს. ასევე გაშენებულია თხილის სადედე ბაღი და სანერგე მეურნეობა. სადედე ბაღიდან მიღებული მასალით ხდება თხილის მაღალხარისხიანი ნერგების წარმოება. აღნიშნულ ბაზაზე ასევე გაშენებულია ბროწეულის სანერგე, სადაც კალმების მეშვეობით ხდება მაღალხარისხიანი ბროწეულის ნერგის წარმოება.
მუხრანისა და აბაშის ბაზებზე იწარმოება. სიმინდის, ხორბლის, ქერის, შვრიის და სოიას სათესლე მასალა.
აღსანიშნავია, რომ ორივე ბაზაზე მიმდინარეობს, სერტიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალის წარმოება. სერტიფიცირებას ახდენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
ბაზები აქტიურად გამოიყენება სტუდენტთა სწავლების პროცესში და ისინი ჩართულნი არიან სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებში. სტუდენტების მონაწილეობით ხდება მწვანე ოპერაციების, თუ სხვადასხვა საველე სამუშაოების შესრულება.