ჩატარებულია მანქანების გაცვეთილი დეტალების აღდგენის ხერხების ანალიზი და მის საფუძველზე დასაბუთებულია ყველაზე უფრო რაციონალური ხერხები-გალვანური დაფარვა (დაქრომვა, დარკინება), ელექტრონაპერწკლური ლეგირება და მდნობის ქვეშ ავტომატური დადუღება. დამუშავებულია მეთოდიკური საფუძვლები და კერძო ორიგინალური მეთოდიკები მიღებული ლითონური საფარის ისეთი მნიშვნელოვანი ფიზიკურ- მექანიკური თვისებების გამოკვლევისა და ოპტიმიზაციისათვის, როგორიცაა ჩაჭიდების სიმტკიცე, სისალე და ცვეთამედეგობა. ჩატარებული თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევების საფუძველზე მიღებულია აღდგენის ოპტიმალური რეჟიმები.
თეორიულ ბაზად მიზანმიმართული ექსპერიმენტული სამუშაოების ჩატარებისათვის გამოყენებულია ექსტრემალური ექსპერიმენტების დაგეგმვის თეორია, მსგავსობისა და განზომილებათა თეორია, მასობრივი მომსახურების თეორია და ალბათურ- სტატისტიკური მოდელირება. მიღებული მათემატიკური მოდელების ადეკვატურობის შემოწმებისათვის გამოყენებული იყო კოლმოგოროვის, პირსონის,სტიუდენტის, ფიშერისა და კოხრენის კრიტერიუმები.