· კვლევის სახელწოდება: პესტიციდების ზემოქმედება ნიადაგის ეკოსისტემების ფუნქციონირებაზე – გავლენა ნიადაგის უხერხემლოთა ფაუნაზე
მონაწილეები: მაკა მურვანიძე, თეა არაბული, მზაღო ლობჟანიძე, შალვა ბარჯაძე, მადონა კუჭავა, ლევან მუმლაძე, ნანა ბაღათურია
ვადები: 2016- 2018
ბიუჯეტი: 69 920 $
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანია პესტიციდების ზეგავლენის შესწავლა ნიადაგის არასამიზნე ფაუნაზე და შესაბამისად, მათი გავლენის შესწავლა ნიადაგის ეკოსისტემების ფუნქციონირებაზე. კვლევები ჩატარდა საგარეჯოს რაიონის სოფ. პატარძეულში მდებარე აგრარულ ნაკვეთზე. კვლევების შედეგად სულ რეგისტრირებულია: ა) ჯავშნიანი ტკიპების 67 სახეობა, მათ შორის ერთი სახეობა - Mongaillardia grandjeani Calugar & Vasiliu, 1984 ახალია კავკასიის ფაუნისათვის, ხოლო Oribatula (Zygoribatula) skrjabini (Bulanova-Zakhvatkina, 1967) ახალია საქართველოს ფაუნისათვის - დანართი 1, სურათი 1. ბ) გამაზოიდური ტკიპების 22 მორფოსახეობა, მათგან ოთხი - Cheiroseius bryophilus, Pseudoparasitus centralis, Gymnolaelaps myrmecophilus, Pergamasus (Pergamasus) ruhmi ახალია კავკასიისათვის, ხოლო ორი - Laelaps astronomicus, Olopachys crassipes - ახალია საქართველოსთვის - დანართი 2; გ) ნემატოდების 216 მორფოსახეობა - დანართი 3; დ) კუდფეხების 18 მორფოსახეობა - დანართი 4. მათგან Heteromurus major პირველადაა რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიაზე ხოლო Pseudosinella alba მითითებული იყო საქართველოსთვის, თუმცა მოპოვების წერტილის გარეშე; ე) ჭიაყელების 6 სახეობა, მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავრცელებულია - Omodeioa alpina alpina. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა ერთი პუბლიკაცია - Murvanidze M., Arabuli T. 2017. New records and some interesting findings of oribatid mites (Acari:Oribatida) from Georgia. Annals of Agrarian Science. 15(2): 195-197. კიდევ ერთი - Effect of ploughing and pesticide addition on oribatid mitecommunities გადაცემულია გამოსაქვეყნებლად. ამ უკანასკნელი სტატიის თანაავტორია პროექტის კოლაბორატორი, გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი - მარკ მარაუნი. ასევე, პროექტის ფარგლებში განხორციელდა მოკლევადიანი სამეცნიერო ვიზიტი თურქეთში, ქ. ანკარაში ,ანკარის უნივერსიტეტის პროფესორ - სულთან ჩობანოღლუსთან. ვიზიტის ფარგლებში მოხდა თურქეთისთვის ახალი სახეობის ხელახალი აღწერა და მისი შედარება საქართველოში, პროექტის საკვლევ ტერიტორიაზე ნაპოვნი იგივე გვარის სხვა სახეობის წარმომადგენლებთან. ვიზიტის შედეგად გამოსაქვეყნებლად წარდგენილია სტატია New Record of Oribatula (Zygoribatula) nicora (Djaparidze, 1986) comb.nov. from Turkey with the Redescription of Species, რომელიც გაგზავნილია გამოსაქვეყნებლად
კვლევის სახელწოდება: ნორვეგიის ენცირტიდებისა და აფელინიდების ფაუნის კვლევა
მონაწილეები: გიორგი ჯაფოშვილი, ლარს ოვე ჰანსენი
ვადები: 2011 - 2018
მოკლე ანოტაცია: ჩვენი შეთანხმებაა, გამოვიკვლიოთ ნორვეგიის ენცირტიდებისა და აფელინიდების ფაუნა. კვლევის დაწყებისას ნორვეგიისათვის მხოლოდ 20 სახეობის ენცირტიდა იყო ცნობილი, ჩვენი კვლევების შედეგად ეს რიცხვი 150-ს გადასწილდა და ზრდას განაგრძობს. გაშრა და მუყაოზე დამონტირდა 300-მდე ინდივიდი. დამზადდა მიკროსკოპული პრეპარატები ცალკეული მორფოლოგიური ნაწილებისა. დამზადდა მაღალი ხარისხის ფოტო მასალა. კვლევისას აღვწერეთ 10-ზე მეტი მეცნიერებისათვის ახალი სახეობა. კვლევის შედეგები პერიოდულად შუქდებოდა ნორვეგიის მედიაში. შედეგები გამოქვეყნებულია 10-ზე მეტ ერთობლივ სამეცნეირო პუბლიკაციაში. შედეგების შესახებ მოხსენება მომზადდა და გაკეთდება მიმდინარე წელს საერთაშორისო ჰიმენოპტერისტთა მე-9 კონგრესზე იაპონიაში. კვლევები გრძელდება და ამჟამად ვამზადებთ გვარი Psyllaephagus სახეობების რევიზიას ნორვეგიიდან. იგეგმება რამოდენიმე გვარის მსგავსი ტიპის ნაშრომების მომზადება, საიდანაც მეცნიერებისათვის ახალი 10-მდე სახეობა აღიწერება.
კვლევის სახელწოდება: საფრანგეთის ფარიანი მწერების პარაზიტოიდების რკვევა
მონაწილეები: გიორგი ჯაფოშვილი, ნიკოლას რისი, ფილიპ კრიეტერი
ვადები: 2017 - 2018
მოკლე ანოტაცია: შეთანხმების შედეგად ჩვენ ვთანამშრომლობთ საფრანგეთის ფარიანი მწერების პარაზიტული სიფრიფანაფრთიანების შესწავლის მიზნით. ფრანგულმა მხარემ უზრუნველყო მასალის შეგროვება, მისი დნმ მეთოდით გამოკვლევა, ხოლო ქართული მხარე მორფოლოგიურად არკვევს პარაზიტული სიფრიფანაფრთიანების სახეობებს. ჯამში შეგროვებულია 700-მდე ინდივიდი და საჭიროა მათი გაშრობა, სათანადო წესდების დაცვით და შემდგომში მონტირება ენტომოლოგიური ქინძისთავებზე, შემდგომი კვლევისათვის. შედეგად იგეგმება ერთობლივი ნაშრომის გამოქვეყნება. პირველი სასტენდო პრეზენტაცია უკვე მომზადდა და წარდგა ენტომოლოგიის მე-11 ევროპულ კონგრესზე ამა წლის ივლისში.
კვლევის სახელწოდება: ვაშლის ბაღი მავნებელი კოქციდები და მათი ბუნებრივი მტრები აღმოსავლეთ საქართველოში
მონაწილეები: მარინე ბაცანკალაშვილი
ვადები: 23.09.2016 - 31.03.2019
ბიუჯეტი: 49 125 ლარი
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანს წარმადგენს აღმოსავლეთ საქართველოს ვაშლის ბაღებში კოქციდების და მათი ბუნებრივი მტრების შესწავლა. პროექტის ამოცანებია: სახეობების იდენტიფიკაცია; მავნებელი კოქციდების დასახლების შეფასება ბალებში; ბუნებრივი მტრების ეფექტურობის დადგენა; კოქციდების გენეტიკური კვლევა- სახეობის გასაზღვრა და ფილოგენეტიკური კავშირების დადგენა. ქართლისა და კახეთის 10 სოფელში შესწავლილი იქნა 55 ბაღი (5 და მეტი კმ-ის დაშორებით). ბაღების უმეტესობა (32 ბაღი) დამუშავებული იყო სხვადასხვა პესტიციდებით, ფუნგიციდებით და სხვ., ასეთ ბაღებში კოქციდები არ გამოვლინდა. კოქციდების ზეოჯახიდან ვაშლის ბაღებში ძირითადად ფარიანების ოჯახია გავრცელებული. ფარიანების 3 ბალიანი დასახლება (დასახლების მაქსიმუმს წარმოადგენს 4 ბალი) გამოვლინდა ორ ბაღში სოფელ კერეში და სოფელ ხელთუბანში. ამავე ბაღებში გამოვლინდა ბუნებრივი მტრების აქტივობა. ვაშლზე სულ 7 სახეობის ფარიანი და ცრუფარიანი მწერები აღინიშნა. მათგან ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობა კალიფორნიის ფარიანა (Comstockaspis perniciosa) გახლავთ. მიმდინარეობს გენეტიკური კვლევები.
კვლევის სახელწოდება: ჯავშნიანი ტკიპები, როგორც სტრესული ეკოსისტემების ინდიკატორები
მონაწილეები: ნინო თოდრია
ვადები: 03/11/2017–03/05/2019
ბიუჯეტი: 31 500
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ვსწავლობთ საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების (ელდარის დაბლობი, შირაქის ზეგანი, გარეჯის სერი) მნიშვნელოვანი ფაუნისტური კომპონენტის – ჯავშნიანი ტკიპების (Acari, Oribatida) თანასაზოგადოებას არიდული ნიადაგების ბიოინდიკაციის მიზნით. ამ ტერიტორიებზე ინტენსიური სოფლის მეურნეობა, უკონტროლო და გადამეტებული ძოვება, კლიმატის ცვლილება და სხვა ფაქტორები აჩქარებს ნიადაგის ეროზიის პროცესს და ხელს უწყობს გაუდაბნოებას. ნიადაგის მდგომარეობის მონიტორინგისათვის და ნიადაგის დეგრადაციის ადრეული ეტაპების გამოსავლენად კი ერთ–ერთი ეფექტური საშუალებაა ნიადაგის ფაუნის მონიტორინგი, რომლის წარმომადგენლები შეზღუდული გავრცელების უნარის გამო სწრაფად ვერ გაურბიან სტრესულ პირობებს, ვერ ახდენენ სწრაფ ადაპტაციას გარემოსთან და შესაბამისად მყისიერად რეაგირებენ მიმდინარე ცვლილებებზე. ჯავშნიანი ტკიპები ამ მხრივ ერთ–ერთი გამორჩეული ჯგუფია და განიხილებიან, როგორც ნიადაგზე მოქმედი სტრესის ადრეული სტადიის ინდიკატორები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი მიზნების მიღწევა: 1. აღმოსავლეთ საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემებისათვის დამახასიათებელი ჯავშნიანი ტკიპების თანასაზოგადოებების გამოვლენა; 2. ეროზიისა და გადაძოების გავლენის შესწავლა ნიადაგის ფაუნასა და სტრუქტურაზე; 3. ჯავშნიანი ტკიპების თანასაზოგადოებების სტრუქტურული ცვლილებების და ცალკეულ სახეობათა დამოკიდებულების გამოვლენა გაუდაბნოების ინტენსივობაზე; 4. ინდიკატორული სახეობების და სახეობათა კომპლექსების იდენტიფიკაცია ნიადაგზე მოქმედი სტრესული ფაქტორების ინტენსივობის და გავლენის შესაფასებლად.