განხორციელებული კვლევები - იულონ ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტი
კვლევისსახელწოდება: საქართველოს ენდემური და ველური ხორბლების კოლექციის აღდგენა, დახასიათება და დაცვა N FR 17_566
მონაწილეები: დავით ბედოშვილი,მარიამ მერაბიშვილი, გულნარი ჩხუტიაშვილი,
მარინე მოსულიშვილი, ნინო უსტიაშვილი
ვადები: 2017-2020წწ
ბიუჯეტი: 198061 ლარი
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ხორბლის ენდემური სახეობების და Aegilops-ის მრავალფეროვნების შესწავლა. ხორბლის გენეტიკური რესურსების კონსერვაცია და მკვლევარების, სელექციონერებისა და ფერმერებისათვის, აღნიშნული რესურსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია რაჭა-ლეჩხუმში ქართული ენდემური ხორბლების მოყვანისა და გამოყენების შესახებ; შესწავლილი იქნა ეგილოფსის სახეობების გავრცელება სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში; დახას-იათდა IPK-გატერსლებენისა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენ-ტის (USDA) გენბანკებიდან გამოწერილი ხორბლის თესლის ნიმუშები და დამზადდა შერჩეული ნიმუშების ჰერბარიუმი გაანალიზდა ჰექსაპლოიდური ხორბლის ევოლუციაში საქართველოს ენდემური ხორბლებისა და ეგილოფსის შესაძლო როლი.ენდემური ხორბლების სათესლე მასალა გადაეცა რაჭა-ლეჩხუმის ფერმერებს. შედგა საქართველოში აღრიცხული ხორბლის ტაქსონების სრული სია.
კვლევის სახელწოდება: ბუნებრივი რესურსების გამოყენების სცენარის დამუშავება ცენტრალური კავკასიონისათვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.
მონაწილეები: დავით ბედოშვილი, რატი შავგულიძე
ვადები: 2014-2017
ბიუჯეტი: 21,000 ევრო
დონორი ორგანიზაცია: ფოლკსვაგენის ფონდი
მოკლე ანოტაცია: მთიანი რეგიონების საერთო ფართობი დედამიწის ხმელეთის დაახლოებით ერთი მეოთხედის ტოლია. მთიანეთი მოწყვლადი ტერიტორიაა, სადაც ადამიანსა და ბუნებას შორის კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება ყალიბდება. ცვლილება ბუნებრივი რესურსების გამოყენების სისტემაში, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკური ან სოციო-ეკონომიკური ტრანსფორმაციით, აისახება ეკოლოგიური ლანდშაფტის ფუნქციებზე, როგორიცაა ნიადაგის ნაყოფიერება და სახეობრივი მრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისათვის ახალი ინტეგრაციული კონცეფციების შექმნა ხდება საჭირო. ბოლო პერიოდში მომხდარმა პოლიტიკურმა ან სოციო-ეკონომიკურმა ცვლილებებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები ყაზბეგის რეგიონის ლანდშაფტებში და ხელი შეუწყო მოსახლეობის მარგინალიზაციას. პროექტის ფარგლებში, ლანდაშაფტური მულტიფუნქციონალური კონცეფციის საფუძველზე შემუშავდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამოყენების სამი სცენარი, რომელიც თავსებადია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან 2030 და ხელს უწყობს ყაზბეგის რეგიონში როგორც მდგრად სასოფლო განვითარებას, ისე მთის ეკოსისტემების დაცვას. პროექტში ინტეგრირებულია ყაზბეგის რეგიონის ლანდშაფტების ეკოლოგიის, ნიადაგების, მცენარეული საფარის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ემპირიული კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი შედეგები. ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური რესურსების შესწავლის საფუძველზე, შევიმუშავეთ სხვადასხვა ნორმატიული დაშვება და შესაბამისი სცენარი, რომლებშიც მეცხოველეობის წარმოების ოპტიმალური დონე გასიაზღვრა, როგორც სარძევე, ისე სახორცე მიმართულებებისათვის, იმ ეკოლოგიურ ზღვრების გათვალიწინებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მთის ეკოსისტემის ფუნქციონირების შენარჩუნებას. მკაცრი წესების დაცვით შექმნილი სცენარი ნათლად მიუთითებს ბიომასის მატებაზე, რძისა და ხორცის პროდუქტების წარმოების ზრდაზე და ამ პროდუქციის რეალიზებასთან დაკავშირებული შემოსავლების მნიშვნელოვან გადიდებაზე ყაზბეგის რეგიონის მასშტაბით. პროექტის ფარგლებში GIS-მეთოდით შეიქმნა რუკები, რომლებშიც ნათლად არის ნაჩვენები ყველა ის ცვლილება მიწის გამოყენების სტრუტურაში, რომელსაც გამოიწვევს თითოეული სცენარის ხორცშესხმა.
კვლევის სახელწოდება: საქართველოში გავრცელებული ხორბლის ახალი ჯიშებისათვის მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღების მეთოდიკის დამუშავება, ძირითადი პერსონალი
მონაწილეები: ცოტნე სამადაშვილი, დავით ბედოშვილი, გულნარი ჩხუტიაშვილი, ნინო კაჭარავა
ვადები: 2014 - 2015
ბიუჯეტი: 150,000ლარი
დონორი ორგანიზაცია: შოთარუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანი იყო ხორბლის მარცვლის უფრო მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ნიადაგის განოყიერების ახალი მეთოდის შემოთავაზება. აზოტისა და ფოსფორის სინთეზური სასუქების ამინომჟავის შემცველ ბიოსტიმულატორებსა (ამინოკატი) და ანტიდეპრესანტებთან (ნუტრივანტი) კომბინირებული გამოყენება საკმაოდ პოპულარული გახდა ხორბლის წარმოებაში. მაგრამ ამ სასუქების მარცვლის მოსავალსა და ხარისხზე გავლენის შეფასება ჯერ არ ჩატარებულა. ნიადაგის განოყიერების 6 ვარიანტი შევისწავლეთ. ერთი ვარიანტში (სტანდარტი) სასუქი საერთოდ არ შევიტანეთ. დანარჩენ ხუთივე ვარიანტში თესვამდე შევიტანეთ ამოფოსი (N11P4). მე-2 ვარიანტში სხვა სასუქი არ დაგვიმატებია. მე-3 ვარიანტში დამატებით შევიდა შარდოვანას 30-%-იანი ხსნარი; მე-4 ვარიანტში ნუტრივანტი შევიტანეთ 3-ჯერ (1.5+3+3 კგ/ჰა); მე-5 ვარიანტში შევიტანეთ 0.5 ლ/ჰა ამინოკატი; მე-6 ვარიანტში კომბინირებულია ნუტრივანტის სამჯერადი შეტანა ამინოკატის ერთხელ შეტანასთან. სამი, ყველაზე შესწავლილი ჯიში გამოვიყენეთ ამ კვლევაში: ბეზოსტაია-1, საული-9 და ვარძია. ცდა დაითესა სრული ბლოკირებით სამ გამეორებაში. ცდა ერთხელ დაითესა უწყავ პირობებში, ხოლო მეორეჯერ კი - სარწყავში. ვარიაციის ანალიზისათვის გამოვიყენეთ GenStat-ის პროცედურა ANOVA. უმცირესი სარწმუნო სხვაობა გამოვიყენეთ საშუალოებს შორის სხვაობის გასაანალიზებლად. ხუთივე ამოფოსის-შემცველმა ვარიანტმა მარცვლის ბევრად მაღალი მოსავალი მოგვცა, ვიდრე სტანდარტმა. მე-4, მე-5 და მე-6 ვარიანტებმა მნიშვნელოვნად მეტი მოსავალი მოგვცა, ვიდრე დანარჩენმა ვარიანტებმა. მაგრამ სამი ვარიანტის საშუალოებს შორის სხვაობა არ იყო სტატისტიკურად სარწმუნო, გარდა ურწყავში მიღებული შედეგბისა, სადაც ნუტროვანტის სამჯერადმა შეტანამ ამინოკატის ერთხელ შეტანას კომბინაციაში სტატისტიკურად სარწმუნო საუკუთესო შედეგი გვაჩვენა. ეს ვარინატი საუკეთესო იყო ცილაში ცილის შემცველობითაც სამივე ჯიშში. სასუქების გავლენით მოსავლიანობის ყველაზე დიდი ზრდა აღინიშნა საული-9-ში, რომელსაც უმნიშვნელოად ჩამორჩა ბეზოსტაია-1. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ხორბლის მოსაყვანად რეკომენდებული მე-6 ვარიანტი, რომელშიც კომბინირებულია ნუტრივანტის სამჯერადი შეტანა ამინოკატის ერთხელ შეტანასთან. ნიადაგის განოყიერების სისტემა აღწერილია ბროშურაში, რომელიც დაურიგდა ფერმერებს ორი სადემონსტრაციო დღის განმავლობაში. შედეგები გამოქვეყნდა ორ პუბლიკაციაში: მინერალური სასუქის გავლენა ხორბლის ქიმიურ შედგენილობაზე და მისი მართვა (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე; 2016 #35: 105-111) და ხორბლის მაღალი მოსავლის მისაღებად მინერალური სასუქების ფორმებისა და დოზების შერჩევა (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე; 2015, #34: 275-282). პროექტის შედეგებზე მოხსენება გაკეთდა საერთაშორისო კონფერენცაზე „აგრარული მეცნიერების ინოვაციური განვითარება: მსოფლიო გამოცდილება და მიმდინარე პრიორიტეტები“, რომელიც ჩატარდა 2016 წელს განჯაში, აზერბაიჯანი.
კვლევის სახელწოდება: მენდელის გენეტიკის კანონების მოქმედების შესწავლა მოკლე სასიცოცხლო ციკლის მცენარეების გამოყენებით
მონაწილეები: დავით ბედოშვილი, ნინო კაჭარავა
ვადები: 2013 - 2014
ბიუჯეტი: 7000 ლარი
დონორი ორგანიზაცია: შოთარუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: პროექტის მიზანია, საშუალო სკოლის მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით, მენდელის დიჰიბრიდული მოდელის საფუძველზე ორი ნიშნის მემკვიდრეობითბის შესწავლა. კვლევის ობიექტს წარმოადგენს მოკლე სასიცოცხლო ციკლის Brassica rapa-ს ორი წმინდა ხაზი, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ღეროს შებუსვითა და შეფერილობით განსხვავდებიან. ამ წმინდა ხაზების სასიცოცხლო ციკლი 40-42 დღეა. მათი დახმარებით სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე თაობის მიღებაა შესაძლებელი. ორი გენის მემკვიდრეობითობის შესასწავლად სამუშაო ჰიპოთეზა შემდეგნაირად ჩამოყალიბდება: ამ ორი ნიშნის მაკონტროლებელი გენები სხვადასხვა ქრომოსომაზეა განლაგებული და მათი დამემკვიდრება მენდელის დი-ჰიბრიდული მოდელის პრინციპებს შეესაბამება. სამუშაო ჰიპოთეზის დასადასტურებლად ან უარსაყოფად აუცილებელია ამ ორი წმინდა ხაზის შეჯვარება და F2 თაობაში ფენოტიპური სიხშირეების გამოთვლა და თეორიულად მოსალოდნელ სიხშირესთან (9:3:3:1) შედარება. ექსპერიმენტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის 63-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ამჟამად გადიან მენდელის კანონებს ზოგადი ბიოლოგიის საგანში. ისინი შეაჯვარებენ წმინდა ხაზებს ერთმანეთს, მიიღებენ F1 თაობას და გამოავლენენ დომინანტურ და რეცესიულ ნიშნებს. F1 მცენარეების გადამტვერვით მიიღებენ F2 თესლს. F2 თაობაში ფენოტიპურ სიხშირეებს გამოითვლიან. თეორიულ და მიღებულ სიხშირეებს ერთმანეთს χ2 ტესტის საშუალებით შეადარებენ და დაადასტურებენ ან უარყოფენ სამეცნიერო ჰიპოთეზას. მე-11 კლასის მოსწავლეები დაიყოფიან 5-6 კაციან ჯგუფებად, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, პროექტის თანა-ხელმძღვანელისა და ასისტენტის დახმარებით იმუშავებენ ექსპერიმენტზე. ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს მოსწავლეები თვითონ დათესავენ თესლს, დააკვირდებიან მცენარეების განვითარებას, ფენოლოგიას, შეაჯვარებენ მცენარეებს და აიღებენ თესლს. მოსწავლეები სამუშაო რვეულებში შეიტანენ დაკვირვების შედეგებს, დაამუშავებენ და პროექტის ბოლოს სკოლის კონფერენციაზე წარმოადგენენ.