განხორციელებული კვლევები - მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტი
კვლევის სახელწოდება: საქართველოს ნიადაგების ეროვნული ატლასის შექმნა
მონაწილეები: თენგიზ ურუშაძე, გიორგი კვესიტაძე, ლალი ქუთათელაძე, თინათინ სადუნიშვილი, თამარ ქვრივიშვილი, გიული წერეთელი, რუსუდან კახაძე, ნინო გაგელიძე, გიორგი ღამბაშიძე, ამირან თხელიძე, დიანა ხომასურიძე
ვადები: 05.05. 2015 - 05.05.2018
ბიუჯეტი: 149 700 ლარი
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: შედგენილი იქნა საქართველოს ნიადაგების ატლასის ელექტრონული ვერსია. საქართველოს ძირითადი ნიადაგების ფიზიკური, ქიმიური, ფიზიკურ-ქიმიური, აგროქიმიური, მორფოლოგიური მახასიათებლების და მიკრობიომრავალფეროვნების ამსახველი რუკების შექმნა განხორციელდა გეოსაინფორმაციო სისტემების (გის) გამოყენებით. რუკების შექმნას და ნიადაგების მახასიათებლების სივრცობრივ განაწილებას საფუძვლად დაედო: ნიადაგების საველე და ლაბორატორიული კვლევის მონაცემები, ნიადაგების მიკრობიომრავალფეროვნების კვლევის შედეგები. ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის "საქართველოს ნიადაგების ეროვნული ატლასის შექმნა" ფარგლებში განხორციელებული კვლევების საფუძველზე შეიქმნა საქართველოს ძირითადი ნიადაგების რუკები: ნიადაგის მორფოლოგიური ნიშნების ამსახველი -2 რუკა; ფიზიკური მაჩვენებლების სივრცობრივი განაწილების- 45 რუკა; ფიზიკურ-ქიმიური და ქიმიური მაჩვენებლების სივრობრივი ჰეტეროგენურობა აისახა სულ 42 რუკაზე, მიკრობიოლოგიური მრავალფეროვნების - 2 რუკაზე. სამეცნიერო გრანტის ფარგლებში გამოცემული იქნა სამეცნიერო პუბლიკაციები.
კვლევის სახელწოდება: საერთაშორისო საველე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: “ნიადაგების კლასიფიკაციის აქტუალური პრობლემები”
მონაწილეები: თენგიზ ურუშაძე, ვინფრიდ ბლუმი , პიტერ შადი, თამარ ქვრივიშვილი, გიული წერეთელი
ვადები: 2014, 15-17 აპრილი
ბიუჯეტი: 20 900 ლარი
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: საველე - სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნებოდა ნიადაგების კლასიფიკაციის აქტუალურ პრობლემებს, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერ-მკვლევარები და მიზნად ისახავდა ფაო-ს საერთაშორისო ნიადაგების სისტემატიკისა და ეროვნული კლასიფიკაციის კორელაციას საველე პირობებში. საქართველოს ძირითადი ნიადაგების საველე კვლევა განხორციელდა ე.წ. პროფილური მეთოდით. აღწერილი იქნა ცალკეული ჰორიზონტების მორფოლოგიური ნიშნები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ორი სისტემატიკის კორელაციის მიზნით, საკვლევი ნიადაგების მაკრომორფოლოგიური თავისებურებები შეჯერებული იქნა მსოფლიო მონაცემთა ბაზის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებთან. ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის მიხედვით კლასიფიკაცია ეფუძნება დიაგნოსტიკურ ჰორიზონტებს, ნიშან-თვისებებსა და სუბსტრატებს. კონკრეტული დიაგნოსტიკური ჰორიზონტების არსებობის შესაბამისად გამოყოფილი იქნა ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის პირველი დონის საკლასიფიკაციო ერთეულები ე.წ. ნიადაგური ჯგუფები და განხორციელდა მათი შეჯერება საქართველოს ნიადაგების ძირითად ტიპებთან.
კვლევის სახელწოდება: საზაფხულო სკოლის პროექტი „საზაფხულო სკოლა ნიადაგმცოდნეობაში
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: პროექტში მონაწილეობდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. საქართველო გამოირჩევა მრავალფეროვანი ნიადაგური საფარით. ქვეყნის ტერიტორიაზე, მცირემიწიანობის მიუხედავად, გვხვდება მსოფლიოში გავრცელებული თითქმის ყველა ძირითადი ნიადაგი. შემთხვევითი არაა, რომ თავის დროზე, ნიადაგმცოდნეობის ფუძემდებელი ვ.დოკუჩაევი ამბობდა: „საქართველო არის ნიადაგების ბუნებრივი მუზეუმი ღია ცის ქვეშ“. ქვეყანაში გვხვდება ნიადაგები, რომლებიც პირველად ჩვენთან იქნენ აღწერილი და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვეს მსოფლიო აღიარება. აქედან გამომდინარე, ნიადაგების და ნიადაგური საფარის ღრმა ცონდა აუცილებელია არა მარტო ნიადაგმცოდნეებისთვის, არამედ იმ პირებისთვისაც, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია მიწათსარგებლობისა და გარემოსდაცვით პრობლემებთან., სტუდენტი-ახალგაზრდობისთვის ნიადაგების შესწავლის, დაცვის და რაციონალურად გამოყენების თანამედროვე ტენდენციების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს საველე პირობებში ნიადაგების გაცნობა უახლესი საერთაშორისო მიდგომებით, მათი პროფილების მორფოლოგიური ანალიზი.
კვლევის სახელწოდება: კოჯორი - სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენა
მონაწილეები: თენგიზ ურუშაძე, ილია კუნჭულია
ვადები: 2017წ. 18.09 - 24.12
ბიუჯეტი: 6 000 ლარი
დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოკლე ანოტაცია: საგრანტო კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებულ პროექტში მონაწილეობდნენ ქ.თბილისის #64 საჯარო და წმ. ილია მართლის თბილისის საპატრიარქო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. პროექტი გულისხმობდა კოჯორი-სამადლოს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგური პირობების შესწავლასა და მათი რაციონალურად გამოყენების მიდგომების დადგენას. თავდაპირველად, მოსწავლეები გაეცნენ ნიადაგმცოდნეობისა და კარტოგრაფიის თეორიულ საკითხებს, მათი მონაწილეობით განხორციელდა ნაიდაგის საველე კვლევები და მორფოლოგიური აღწერა, ნიმუშების საანალიზოდ აღება. ნიადაგის ნიმუშების საანალიზოდ მომზადების შემდეგ მოსწავლეების მიერ ლაბორატორიულ პირობებში გაკეთდა ანალიზები, მომზადდა ნიადაგების რუკა და შემუშავდა რეკომენდაციები. რუკა და რეკომენდაციები გადაეგზავნა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს. პროექტის მიმდინარეობისას აღინიშნა ნიადაგების მსოფლიო დღე- 5 დეკემბერი. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია შევიდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშში. პროექტის ფარგლებში, მონაწილე #64-ე საჯარო სკოლის ბაზაზე, შეიქმნა "ეკოკლუბი", სადაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერთა მხრიდან წაკითხული იქნა პოპულარული ლექციები.