ENG GEO

Search form

განხორციელებული კვლევები - კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტი

  • კვლევის სახელწოდება:კოგნიტური, სოციალური და კლინიკური გაუარესების პრევენცია პირველი ეპიზოდის შიზოფრენიის მქონე პირებში
  • მონაწილეები: არჩილ კეზელი, მაია როინიშვილი, ეკა ჭყონია
  • ვადები: 01 ივლისი, 2012 – 01 ივლისი, 2014 (24 თვე)
  • ბიუჯეტი: 38700 ლარი
  • დონორი ორგანიზაცია: ცოდნის ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: კოგნიტური დეფიციტი წარმოადგენს შიზოფრენიის წინაგანწყობის ინდიკატორს. მასთან მჭიდროდაა დაკავშირებული დაავადების მიმდინარეობა, გამოსავალი და პაციენტის სოციალური ფუნქციონირება. მრავალი კვლევა მოწმობს, რომ შიზოფრენიის პირველი ეპიზოდი მეტად მნიშვნელოვანი და კრიტიკულია დაავადების შემდგომი ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. შესაბამისად, კლინიკური და სამეცნიერო კვლევის ინტერესი დღეს ფოკუსირებულია დაავადების ადრეული ეტაპის შესწავლაზე ვინაიდან პირველივე ეტაპზე სწორად ჩატარებულმა მკურნალობამ შესაძლოა დაგვიცვას სოციალური უნარ - ჩვევების შემდგომი გაუარესებისაგან.

ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა კოგნიტური ფუნქციების დეფიციტის თავისებურებებსა და სოციალურ უნარ – ჩვევებს შორის კავშირის შესწავლა და კოგნიტური, სოციალური და კლინიკური გაუარესების პრევენციული ფაქტორების დადგენა შიზოფრენიის მქონე პირველი ეპიზოდის პაციენტებისათვის.

მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ვაჩვენეთ, რომ პირველად ფსიქოზურ პაციენტებშიც, მსგავსად შიზოფრენიით დაავადებული ქრონიკული პაციენტებისა, რომლებიც გაცილებით დიდხანს (საშუალოდ 12 წელი) ავადობენ, პოზიტიურ და ნეგატიურ სიმპტომებთან ერთად, დაავადების საწყის ეტაპზე უკვე ვლინდება კოგნიტური დეფიციტი, რომელიც გავლენას ახდენს პიროვნების ყოველდღიურ აქტივობებზე და შრომის უნარზე. ამდენად, დაავადების მკურნალობის პროცესში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო ფსიქოპათოლოგიური სიმპტომების რედუქციას, არამედ კოგნიტური დეფიციტის მკურნალობასაც.

 

  • კვლევის სახელწოდება: ფსიქიკური აშლილობების კოგნიტური და ნეირო - ფსიქოლოგიური მარკერები
  • მონაწილეები: მაკა მალანია, მაია როინიშვილი, ეკა ჭყონია, ცეზარ გოლეთიანი
  • ვადები: 01.08.2014 – 31.07.2016
  • ბიუჯეტი: 125180.00
  • დონორი ორგანიზაცია: ცოდნის ფონდი
  • მოკლე ანოტაცია: მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 25% სხვადასხვა ტიპისა და სიმძიმის ფსიქიკური აშლილობები აღენიშნებათ. ფსიქიკურ აშლილობათა უმრავლესობა ადრეულ ასაკში იწყება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის შრომისუნარიანობაზე, ნეგატიურად მოქმედებს დაავადებული პიროვნების ოჯახის წევრების და საერთოდ საზოგადოების ცხოვრების ხარისხზე და ეს ადამიანები მიდრეკილნი არიან სუიციდისადმი და ხანდახან მათი ქმედება გარშემომყოფთა სიცოცხლისათვსაც სახიფათოა.

ეფექტური პრევენციისა და მკურნალობისათვის, მნიშვნელოვანია ფსიქიკური აშლილობების ადრეული დიაგნოსტიკა და თანამედროვე მონიტორინგი. დიაგნოზირების საიმედობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია ფსიქიკურ აშლილობათა პათოფიზიოლოგიური მექანიზმების შეწავლა და დაავადების ობიექტური მახასიათებლების ე.წ. (ბიო)მარკერების (ენდოფენოტიპების) დადგენა. ჩვენი კვლევის ზოგადი მიზანი იყო ფსიქიკური აშლილობების, კერძოდ კი შიზოფრენიის და დეპრესიის დიაგნოსტიკისა და დაავადების სიმწვავის ხარისხის ობიექტურად გაზომვადი მარკერების გამოვლენა.

სხვადასხვა ფსიქოფიზიკური და ელექტროფიზიოლოგიური მეთოდებით გამოვიკვლიეთ შიზოფრენიის, დეპრესიის და პირველადი ფსიქოზური ეპიზოდის მქონე პაციენტები და შევადარეთ ჯანმრთელ პოპულაციას. შედეგებმა აჩვენა რომ:

1. შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტების ჯგუფს, რომლებიც ჩვენ გამოვიკვლიეთ ინფორმაციის დამუშავების პროცესები ჯანმრთელებთან შედარებით შენელებული აქვთ, თუმცა ყურადღების დროში განაწილების უნარი კვლავ შენარჩუნებული აქვთ. 2. პირველადი ფსიქოზური ეპიზოდის მქონე პაციენტებს მსგავსად შიზოფრენიით დაავდებული ქრონიკული პაციენტებისა (რომლებიც გაცილებით დიდხანს–საშუალოდ 12 წელი, ავადობენ) მხედველობითი სტიმულის სწორად დისკრიმინაციისათვის ჭირდებათ გაცილებით დიდი დრო ჯანმრთელ კონტროლებთან შედარებით. დეპრესიული პაციენტები კი ასრულებენ ჯანმრთელების მსგავსად. მასკინგის აღნიშნული დეფიციტი კარგად აისახა ასევე ელექტროფიზიოლოგიურ კვლევებშიც:

„გამონათების ეფექტის“ შედეგად ელექტროფიზიოლოგიური პასუხი უპირატესად აღმოცენდება სტიმულის ანთებიდან 200 მილისეკუნდის ლატენტობაზე (N1), როგორც ლატერალურ ოქციპიტალურ ქერქში(მხედველობითი პროცესინგის ვენტრალური გზა) ასევე მარცხენა პარიეტალურ ქერქში (დორსალური გზა). თუმცა შიზოფრენიით დაავადებული და პირველადი ფსიქოზური პაციენტების ეეგ პასუხის ამპლიტუდა მნიშვნელოვნად რედუცირებულია ჯანმრთელებთან შედარებით.

ეს შედეგი კი აჩვენებს რომ დეფიციტი დაავადების დასაწყისშივე აღინიშნება და კარგ შესაბამისობაშია ენდოფენოტიპის კონცეფციასთან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ გამონათების უკუშენიღბვის ეფექტი ფუნქციური ფსიქოზების ენდოფენოტიპია. ასეთი ენდოფენოტიპების(მარკერების) არსებობა კი დაავადების ჩამოყალიბების რისკის შეფასების საფუძველზე, პრევენციის შესაბამისი ზომების გატარების შესაძლებლობას იძლევა.