პროექტის ფარგლებში მოხდა ჰერბარიუმის ნიმუშების აღწერა, განახლება, გაციფრება. პროექტის განხორციელების შემდეგ ცნობილი გახდა მიკოლოგიური ჰერბარიუმის ნიმუშების ზუსტი რაოდენობა - სულ 18821. დადგინდა, რომ 18821 ნიმუშზე აღწერილია სოკოს 24079 სახეობა. აქედან 89 სახეობა მიეკუთვნება Amebozoa-ს, 18086 – Ascomycta-ს, 4740 – Basidiomycota-ს, 35 – Chitridiomycota-ს, 1124 – Oomycota-ს, 5 – Zygomycota-ს. აქედან 14 730 ნიმუში არის საქართველოდან (ეროვნული კოლექცია), დანარჩენი ნიმუშები ჩამოტანილია ან გამოგზავნილი მსოფლიოს ასი სხვადასხვა ქვეყნიდან. კოლექციაში დაცულია 269 სანიმუშო კოლექცია, რომლებიც თავის დროზე პირველად აღწერეს ცნობილმა მეცნიერება და უწოდეს სახელი.
განახლდა სოკოების ცოცხალი კულტურების კოლექცია, შეივსო ახალი შტამებით და მოხდა მათი კონსერვაცია. სოკოების წმინდა კულტურების ძველი კოლექციიდან განახლდა 207 სოკოს წმინდა კულტურა და გამოიყო და იდენტიფიცირებული იქნა 117 ახალი სოკოს შტამი.
მოძიებული იქნა საქართველოში სოკოების შესახებ გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები. 1887 წლიდან დღემდე გამოცემული 22 სამეცნიერო ჟურნალიდან გაციფრდა 999 სტატია. შეიქმნა სამეცნიერო სტატიების ელექტრონული მონაცემთა ბაზა.
შექმნილი მონაცემთა ბაზები (ჰერბარიუმის, სოკოების შტამების და სამეცნიერო ლიტერატურის) აიტვირთა პროექტის ფარგლებში შექმნილ ვებ გვერდზე და განთავსდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერვერზე http://agruni.edu.ge/herbarium/. ჰერბარიუმში აღწერილი სოკოების ბიომრავალფეროვნება გამოიცა წიგნად: „მიკოლოგიური კოლექციის კატალოგი 1857-2018“.
პროექტის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში შეიქმნა მიკოლოგიური ჰერბარიუმის საცავი და მიკოლოგიის და მცენარეთა პათოლოგიის ლაბორატორია, სადაც გაგრძელდება სამეცნიერო მუშაობა.
პროექტის მიმდინარეობისას სამეცნიერო პროექტის ფარგლებში პრაქტიკა გაიარა აგრონომიული და ბიოლოგიური მიმართულების თხუთმეტმა სტუდენტმა. აქედან 5 სტუდენტი ხელშეკრულებით იყო ჩართული პროექტის მიმდინარეობისას. ორი სტუდენტი დაინტერესდა კვლევებით და სამაგისტრო ნაშრომის თემის დამუშავება დაიწყო მიკოლოგიაში და მცენარეთა პათოლოგიაში.
კოლექციების მოწესრიგებამ საქართველოში მიკოლოგიური კვლევებისთვის კარგი საფუძველი შექმნა, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევარებისთვის და სხვადასხვა სპეციალობის და მიმართულების მეცნიერთათვის: მცენარეთა დამცველებისათვის, ფიტოპათოლოგებისათვის, ენტომოლოგებისათვის, ეკოლოგებისათვის, ბოტანიკოსებისათვის, სოფლის მეურნეობისა და ბიოლოგიის დარგში მოღვაწე მეცნიერებისა და სხვა დაინტერესებული პირისათვის. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ორ სამეცნიერო სტატიაში და წარდგენილი იქნა ორ სამეცნიერო კონფერენციაზე.
პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტები დამყარდა ნიუ იორკის ბოტანიკურ ბაღთან - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქიუს სამეფო ბოტანიკურ ბაღებთან და სოფლის მეურნეობის და ბიოლოგიური მეცნიერებების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (CABI) დიდ ბრიტანეთში, ვახენინგენის უნივერსიტეტთან და ვესტერდაიკის ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტთან - ჰოლანდიაში. ამ კონტაქტების საფუძველზე მომავალში იგეგმება ურთიერთთანამშრობლობა სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებში.