საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერებმა, თენგიზ და თემურ ქანთარიებმა უკვე მეორეჯერ მოიპოვეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ერთობლივი სტიპენდიები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.
ქიმიის აკადემიური დოქტორები თენგიზ და თემურ ქანთარიები 6 თვით გაემგზავრებიან გერმანიაში, მიუნსტერის უნივერსიტეტში (Department of Ophthalmology, Universitätsklinikum Münster, University of Münster, Münster), სადაც განახორციელებენ სამეცნიერო კვლევებს პროფესორ პეტერ ჰაიდუშკას (Peter Heiduschka) კვლევით ლაბორატორიაში.
ახალგაზრდა მეცნიერების კვლევები ეხება წამლის მიმწოდებელი ნანოკონტეინერების (ნანომატარებლების) - პოლიმერული ბიოდეგრადირებადი ნანონაწილაკების შემუშავებას. თავისი პროექტის (სახელწოდებით “Drug-loaded pseudo-protein-based nanoparticles for ophthalmic drug delivery”) ფარგლებში თენგიზს დაგეგმილი აქვს პოლიმერული ნანონაწილაკების სხვადასხვა ტიპის წამლებით დატვირთვის ეფექტურობის შესწავლა და აღნიშნული ნანონაწილაკების სტაბილურობის კვლევა. თემურის პროექტი სახელწოდებით “Biodegradable polymeric nanoparticles as drug delivery vehicles” მიზნად ისახავს ბიოდეგრადირებადი ნანონაწილაკების წამლით (დექსამეთაზონი) დატვირთვის პროცესის დეტალურ კვლევას და მის ოპტიმიზაციას და აგრეთვე ახალი ტიპის ნანონაწილაკების ზედაპირის მორფოლოგიურ შესწავლას.