ENG GEO

Search form

გენბანკი - მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკი ფლობს მცენარეთა გენეტიკური რესურსების უდიდეს და უნიკალურ კოლექციას საქართველოში.
გენბანკი განთავსებულია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ. გენბანკის ახალ თანამედროვე მაცივარ-საცავში დაცულია მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების თესლის 2000-ზე მეტი ნიმუში, მათ შორის ხალხური სელექციური ჯიშები, ადგილობრივი სელექციური ჯიშები, ენდემური და ველური მონათესავე სახეობების თესლი.

მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზნები

- საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, რეგენერაცია, გამრავლება, შესწავლა-დახასიათება, შეფასება; ახალი ნიმუშების მოძიება და კოლექციების გამდიდრება.
- ადგილობრივი გენეტიკური რესურსების კვლევა მწერებისა და დაავადებების მიმართ გამძლეობის გაძლიერებისა და აგრარული პროდუქტიულობის გაუმჯობესებისათვის და მათი გამოყენება ისეთი ახალი ჯიშების გამოსაყვანად, რომლებიც შეესაბამება კლიმატის ცვლილების თანამედროვე მოთხოვნებს.

გენბანკის სამეცნიერო ჯგუფი

გენბანკის სამეცნიერო ჯგუფი უზრუნველყოფს გენბანკის სტანდარტული საქმიანობების განხორციელებას - მარცვლოვანი, ფეტვნაირი, პარკოსანი და ბოსტნეული კულტურების შენახული კოლექციების თესლის მოკლე და გრძელვადიან კონსერვაციას, მათ დროულ რეგენერაციას, გამრავლებას და შესწავლას.
ძირითადი კვლევითი მიზნები მოიცავს: გენეტიკური მასალის შეფასებას, მორფოლოგიურ და ბიოქიმიურ დახასიათებას, ტაქსონომიურ იდენტიფიცირებას, მწერებისა და დაავადებების მიმართ გამძლეობაზე შეფასებას მინდვრად და ლაბორატორიულ პირობებში; აგრეთვე თესლის სიცოცხლისუნარიანობის მინიტორინგს და გრძელვადიანი შენახვისათვის თესლის აღმოცენების უნარის გაძლიერების ცდებს.

მიმდინარე პროექტი

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიმდინარე ფუნდამენტური კვლევითი პროექტის - „უცხოურ გენბანკებში დაცულ მცენარეთა ადგილობრივი გენეტიკური რესურსების უნიკალური ნიმუშების მოძიება, რეგენერაცია და დახასიათება“ ფარგლებში გენბანკი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო გენბანკებსა და კვლევით ცენტრებთან, როგორებიცაა - გატერსლებენის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კვლევის ინსტიტუტი (IPK–Gatersleben), აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი (USDA ARS) და სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრი (CIMMYT). პროექტის ფარგლებში ქართული წარმოშობის, მცენარეთა უმნიშვნელოვანეს კულტურათა გენეტიკური რესურსების 500-ზე მეტი ნიმუში დაბრუნებულია და ამჟამად მიმდინარეობს მათი რეგენერაცია, დახასიათება, შეფასება, ტაქსონომიური იდენტიფიკაცია და კონსერვაცია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ძირითადი კვლევითი ინტერესები და საქმიანობები

• მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი გენეტიკური რესურსების კონსერვაცია, რეგენერაცია, დახასიათება და შეფასება.
• შერჩეული მასალის დახასიათება მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებების მიხედვით და მოსავლიანობის შეფასება სასოფლო-სამეურნეო ექსპერიმენტების საშუალებით.
• მარცვლოვანი კულტურების ბიოქიმიური მახასიათებლების (ცილა, ცხიმი, შაქრები, სახამებელი) შესწავლა კვებითი ღირებულების შეფასების მიზნით.
• თესლის სიცოცხლისუნარიანობის კვლევა და დაბერებული თესლის აღმოცენების უნარის გაძლიერება პრაიმინგის სვადასხვა მეთოდებით, გენბანკის კოლექციებში გრძელვადიანი შენახვისას ბუნებრივად დაბერებული თესლის აღმოცენების უნარის აღსადგენად.
• ადგილობრივი გენეტიკური მასალის შეფასება დაავადებების მიმართ გამძლეობაზე მინდვრად და ლაბორატორიული ექსპერიმენტების საფუძველზე;
• სიმინდის ქართული ჯიშების გამოცდა მწერების მიმართ რეზისტენტობაზე მინდვრად და ლაბორატორიულ ექსპერიმენტების საშუალებით;
• შერჩეული ნიმუშების ბიოქიმური მახასიათებლების (მეორეული მეტაბოლიტების) შესწავლა ბიოტური სტრესების მიმართ საპასუხო რეაქციებში მათი როლის გამოსავლენად.
• მცენარეთა სოკოვანი პათოგენების შესწავლა; სოკოვანი ბიოკონტროლის აგენტების გამოყენებით მცენარეთა დაავადებებისა და მწერების კონტროლი გარემოსათვის უსაფრთხო მეთოდებით.

მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი გენეტიკური რესურსების გენბანკში დაცული მასალის რაოდენობრივი შემადგენლობა.

 

 

გენბანკის მაცივარ-საცავსა (+4 ºC) და საყინულეში (-18 ºC) დაცული მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების თესლის კოლექციები.

 

 

მინდვრისა და ბოსტნეული კულტურების ადგილობრივი გენეტიკური რესურსების კონსერვაცია, რეგენერაცია, დახასიათება და შეფასება (აგრარული უნივერსიტეტის მუხრანის საცდელი ბაზა).

 

 

თესლის სიცოცხლისუნარიანობის შეფასება და პრაიმინგის სხვადასხვა მეთოდებით დაბერებული თესლის აღმოცენების უნარის გაძლიერება; პრაიმინგის გავლენა სიმინდის 7 დღიანი აღმონაცენის ზრდის პოტენციალზე (სმ) KNO3 (A) და KH2PO4 (B) სხვადასხვა კონცენტრაციიის ხსნარებში (0.5, 1, 2.5 %) 6 საათის დაყოვნების შემდეგ.

 

 

ადგილობრივი გენეტიკური მასალის მასალის შეფასება დაავადებების მიმართ გამძლეობაზე მინდვრად და ლაბორატორიული ექსპერიმენტების საშუალებით.

 

 

სიმინდის ქართული ჯიშების გამოცდა მწერების მიმართ რეზისტენტობაზე: მუხრანის საცდელ ნაკვეთზე აღნიშნული სიმინდის ფოთლისა და საგველას ბუგრებით მძიმე დაავადება, Rhopalosiphum maidis კოლონია აგრარულ უნივერსიტეტში, შერჩეული ჯიშების შეფასება ბუგრების მიმართ გამძლეობაზე.

 

 

Rh. Maidis ბუგრების სიკვდილიანობის შეფასება და მათი გამრავლების კონტროლი ენტომოპათოგენური სოკოების სხვადასხვა შტამებით (Bb – B. bassiana, If – I. fumosorosea, Ma1, Ma2, Ma 3 - M. anisopliae, შესაბამისად, შტამი 1, 2, 3) კონცენტრაციით 106 სპ/მლ, მცენარის დამუშავებიდან 7 დღის შემდეგ.

 

 

მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მარიამ ბეციაშვილი, ელ-ფოსტა: m.betsiashvili@agruni.edu.ge