საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის აღწერა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა (საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის (სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა) ერთობლივ პროგრამას.
საქართველოს აგრარულ და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტებს აქვთ უნიკალური რესურსი (მაღალკვალიფიციური პროფესორები, მატერიალური ბაზა, საერთაშორისო კავშირები), რათა ერთობლივი ძალებით მოამზადონ მაგისტრი ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში.
ერთობლივი რესურსებით თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ქმნიან უნიკალურ გარემოს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული კვლევითი და სასწავლო საქმიანობის წარმოებისთვის, ისევე როგორც ინტერდისციპლინური კვლევებისთვის.
ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ეფუძნება სწავლის მაღალ სტანდარტებსა და თანამედროვე გამოცდილებას, კერძოდ:
- ინტერნაციონალიზაცია - ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა საბუნებისმეტყველო მეცნიერებში შედგენილია საერთაშორისო გამოცდილებისა და ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით. საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისას შესწავლილი და გათვალისწინებული იქნა არსებული წარმატებული მოდელები როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ამ მოდელების საფუძველზე შემუშავდა პროგრამის კურიკულუმი, რომელიც ფოკუსირებულია სწავლებისადმი ინდივიდუალურ მიდგომაზე და, შესაბამისად, არ არის გათვლილი დიდი რაოდენობით სტუდენტების მიღებაზე. პროგრამის აკადემიური პერსონალი შედგება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეცნიერებისაგან, რომელთაც აქვთ სამაგისტრო და სადოქტორო კვლევების ხელმძღვანელობის დიდი გამოცდილება. ამავე დროს, ისინი ეწევიან აქტიურ სამეცნიერო თანამშრომლობას უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და კვლევით ინსტიტუტებთან, რაც აღნიშნული პროგრამის წარმატების მყარი საფუძველია.
- კვლევაზე ორიენტირებული პროგრამა - ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა სწავლებასა და კვლევაზე ორიენტირებული პროგრამაა, რაც ეხმიანება ევროპა 2020 სტრატეგიას უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის კუთხით. პროგრამის ერთ-ერთი მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების წარმოების შესაძლებლობის მიცემა მაგისტრანტებისათვის. პროგრამის შინაარსიც და სტრუქტურაც სწორედ ამ მიზნით არის განსაზღვრული და დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტის მიერ, მისი ინტერესებიდან გამომდინარე შერჩეული კვლევითი პრობლემატიკის თანმიმდევრულ შესწავლას ხელმძღვანელების აქტიური დახმარებით.
- ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - თბილისის თავისუფალ და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტებში დიდი ყურადღება ექცევა ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას (learning-by-doing). სასწავლო ლაბორატორიები ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას ითვალისწინებს, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ლაბორატორიული მეცადინეობისას ინდივიდუალურად მუშაობის გზით. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე. თითოეულ სტუდენტს ლაბორატორიული მუშაობისას თავისი სამუშაო სივრცე და ყველა საჭირო ხელსაწყო აქვს.
- ინდივიდუალური მიდგომა - ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას გააჩნია ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით შემუშავებული კურიკულუმი საგნების არჩევის ფართო შესაძლებლობით. პროგრამის კრედიტების ნახევარზე მეტი ეთმობა პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს, რომლებიც გათვლილია სტუდენტის ინდივიდუალურ ინტერესებზე. ინდივიდუალურ მიდგომაში იგულისხმება, რომ:
ა) თითოეული მაგისტრანტი სასწავლო მიზნის მისაღწევად და სამაგისტრო ნაშრომის მოსამზადებლად, სასწავლო კურსების მიღმა ინტენსიურ სამუშაოს აწარმოებს ტუტორების ინსტრუქტაჟით, ხელმძღვანელის უშუალო მეთვალყურეობით და პროგრამაში ჩართული სხვა აკადემიური პერსონალის მუდმივი კონსულტაციების დახმარებით.
ბ) სავალდებულო სასწავლო კურსების გარდა, მაგისტრანტებს ეძლევათ შესაძლებლობა თავად შეადგინონ სასწავლო გეგმა (ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე) საკუთარი კვლევითი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ეხება როგორც არჩევით კურსებს, ისე არჩევით ლაბორატორიულ სამუშაოს (ბიოლოგია-ქიმიის შემთხვევაში).
ასეთი ინდივიდუალიზებული მიდგომა გულისხმობს, რომ თითოეული მაგისტრანტის სასწავლო და კვლევით სამუშაოში რამდენიმე აკადემიური პერსონალი მუდმივად არის ჩართული.
სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიმართულების გათვალისწინებით კურსდამთავრებულს ენიჭება ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი კვალიფიკაცია:
- ფიზიკის მაგისტრი
- ქიმიის მაგისტრი
- ბიოლოგიის მაგისტრი
რამდენადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა არის ინტერდისციპლინური და ხორციელდება თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების მიერ, პროგრამის მენეჯმენტში ჩართულია ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი:
- ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯორჯაძე
- ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნინა კულიკოვა
- ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ კორაშვილი
სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი.
კურიკულუმი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული 120 კრედიტი, რომელიც გადანაწილებულია შემდეგ ოთხ კომპონენტებზე:
- საერთო სავალდებულო კომპონენტი
- სპეციალობის სავალდებულო კომპონენტი
- კვლევითი კომპონენტი
- სამაგისტრო ნაშრომი
საერთო სავალდებულო კომპონენტი მიზნად ისახავს მაგისტრანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ სფეროში დახელოვნებას.
სპეციალობის სავალდებულო კომპონენტი მოიცავს სამ სავალდებულო მოდულს. თითოეულ მოდულს აქვს 10 კრედიტი. აქედან 5 კრედიტი ეთმობა ინტენსიურ ტუტორიალებს და ტუტორიალების ფარგლებში წარმოებულ დამოუკიდებელ სამუშაოს მოდულის ტუტორის ხელმძღვანელობით, ხოლო დანარჩენი 5 კრედიტი სტუდენტმა უნდა შეასრულოს არჩევითი კურსის ფარგლებში. შესაბამისად, თითოეული მოდული გულისხმობს მრავალკომპონენტიან სამუშაოს, რომელსაც მაგისტრანტი აწარმოებს მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის და/ან მოდულის ტუტორის ინსტრუქტაჟით.
კვლევითი კომპონენტი შეიძლება დავყოთ ორი მიმართულებით:
- ქიმიისა და ბიოლოგიის კვლევითი კომპონენტი გულისხმობს სამ არჩევით ლაბორატორიულ როტაციას, ბიოლოგიურ და ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის პრაქტიკას და სამაგისტრო სემინარი 2-ს. ბიოლოგიურ და ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის პრაქტიკის ფარგლებში მაგისტრანტები გაივლიან პრაქტიკას სასწავლო და სამეცნიერო ბიოლოგიურ და ქიმიურ ლაბორატორიებში, სადაც ისინი აითვისებენ ამ პროფილის ლაბორატორიებში მუშაობის ყოველდღიურ, რუტინულ მეთოდებს, დახვეწენ ხელით მუშაობის ტექნიკას. სამაგისტრო სემინარი 2: კვლევითი პრობლემის ანალიზის ფარგლებში მაგისტრანტი თავისი სამომავლო კვლევითი პროექტის თემატიკის ირგვლივ დაამუშავებს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, რეგულარულად მოამზადებს სადისკუსიო მასალას ხელმძღვანელთან ერთად გასარჩევად და კურსის ბოლოს მოამზადებს ლიტერატურულ მიმოხილვას წერითი ნაშრომის ფორმით. კვლევითი ლაბორატორიული როტაციის ფარგლებში მაგისტრანტი დაესწრება ლაბორატორიულ სემინარებს, შეისწავლის კონკრეტული ლაბორატორიისათვის სპეციფიურ კვლევის მეთოდებს, ლაბორატორიაში მუშაობის წესებს და ჩაატარებს კვლევით ექსპერიმენტებს. ექსპერიმენტული სამუშაოების დასრულების შემდეგ მაგისტრი გააკეთებს მის მიერ მიღებული შედეგების პრეზენტაციას.
- ფიზიკის კვლევითი კომპონენტი მოიცავს სამ კომპონენტს: 1) სამაგისტრო სემინარი, კვლევის მომზადება I და კვლევის მომზადება II. სამივე კომპონენტი გულისხმობს სამაგისტრო ნაშრომისთვის აუცილებელი პრაქტიკული და/ან თეორიული სამუშაოს წარმოებას. თითოეულ ეტაპზე მაგისტრანტი სამუშაოს აწარმოებს ხელმძღვანელის მეთვალყურეობით და მასთან შეთანხმებული გრაფიკის საფუძველზე.
სამაგისტრო ნაშრომი წარმოადგენს მაგისტრანტის მიერ დამოუკიდებელი კვლევის შედეგად შესრულებულ აკადემიურ ნაშრომს. სამაგისტრო ნაშრომი სრულდება სამაგისტრო პროგრამის დასკვნით ეტაპზე, რომელშიც მაგისტრანტი ახდენს მიღებული თეორიული ცოდნის, აზროვნების უნარებისა და აკადემიური/საველე კვლევის შედეგების და ტექნიკის სინთეზს. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა და მისი წარმატებით დასრულება, მაგისტრანტს ამზადებს, როგორც კვლევითი სამუშაოს შემდგომი გაგრძელებისთვის, აკადემიური განათლების შემდგომ საფეხურზე (დოქტორანტურა), ისე პრაქტიკული დანიშნულების მქონე კვლევების შესრულებისთვის.
როგორ ჩავაბაროთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე 2024 წელს?
2023-2024 სასწავლო წელს პროგრამაზე მიიღება 5 მაგისტრანტი.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:
- საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს
- ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე
მიღების პროცედურა
- რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე (www.naec.ge)
- საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
- რეგისტრაცია თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 5 სექტემბრის ჩათვლით
- გასაუბრება თავისუფალ/აგრარულ უნივერსიტეტში.
სწავლის საფასური
სამაგისტრო პროგრამის სემესტრული გადასახადი შეადგენს 2 475 ლარი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად - ოთხი თანაბარი გადახდით.
საუკეთესო და წარმატებულ მაგისტრანტებს პროგრამა დაფინანსების სქემას სთავაზობს: სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ან გახდნენ უნივერსიტეტის პროფესორების ასისტენტები და დაიფინანსონ სწავლა.
სკოლის შესახებ
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს 4 საბაკალავრო პროგრამას:
- ქიმიის საბაკალავრო პროგრამას
- ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამას
- სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამას
- მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამას
ასევე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლა ახორციელებს:
- აგრარული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლასთან ერთად
- აგრარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას ვეტერინარიის სკოლასა და აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლასთან ერთად
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო, ქიმიის, ბიოლოგიის და ფიზიკის სადოქტორო პროგრამებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის პროგრამები დატვირთულია ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით. ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობს ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის (learning-by-doing) გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ სტუდენტები ეუფლებიან პროფესიას ინდივიდუალურად მუშაობის გზით და საკუთარი ხელით აკეთებენ ამოცანას, ცდას, ანალიზს. გარდა ამისა, ლაბორატორიული მეცადინეობისას სტუდენტთა ჯგუფები არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს. ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება სტუდენტების სწავლის შედეგებზე.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის სკოლის სტუდენტებს ლაბორატორიული/პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ კახა ბენდუქიძის კამპუსში განთავსებულ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კვების ტექნოლოგიის, მიკრობიოლოგიის და სხვა მიმართულების სასწავლო ლაბორატორიებში.
მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტებს ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ასევე უტარდებათ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიასა და მარანში, სადაც ისინი ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს, რომლებიც წარმოადგენენ მათი დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს.
სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები კამპუსის სასწავლო ლაბორატორიების გარდა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაშიც უტარდებათ.
ასევე, სკოლის პროფესორების დიდი ნაწილი სწავლების პარალელურად უშუალოდ და აქტიურად არის ჩართული კვლევებში, მათ შორის, მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურაში. ეს შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ბაკალავრის საფეხურიდანვე ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში, სურვილის შემთხვევაში. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის კი კარგი შესაძლებლობაა მეცნიერებთან ერთად აკეთონ სიღრმისეული კვლევა.
01 ოქტომბერი 2024
მიხეილ ნატროშვილი სტაჟირებას საფრანგეთში გაივლის
20 სექტემბერი 2024
ელისაბედ გელაშვილმა Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსება მოიპოვა
03 სექტემბერი 2024
ელიზაბედ შახ-ნაზაროვი სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსებით
02 სექტემბერი 2024