მცენარეთა კოლექცია

მცენარეთა კოლექცია

მცენარეთა ბიოლოგიის სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიების მცენარეთა ცოცხალი კოლექცია ემსახურება სასწავლო და კვლევით სამუშაოებს აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე აგრარულ უნივერსიტეტში. კოლექცია ემსახურება მცენარეთა მორფოლოგიის, ანატომიის და ფიზიოლოგიის შესწავლას შემდეგ სპეციალობებზე: აგრონომია, მევენახეობა-მეღვინეობა, ლანდშაფტის მენეჯმენტი, საპარკო და სატყეო საქმე, ბიოლოგია. ასევე სენიორ პროექტებს, სამაგისტრო და სადოქტორო კვლევებს. 2012 წლიდან დაიწყო კოლექციის განახლება-გამდიდრება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დაფინანსებით და კერძო პირების შემოწირულობებით. 2019-21 წლებში კოლექცია ძლიერ დაზიანდა სხვადასხვა ობიექტური მიზეზით, თითქმის განახევრდა სახეობათა რაოდენობა. 2022 წლიდან გაგრძელდა კოლექციის განახლება. 2023 წლის იანვრის აღწერის შემდეგ კოლექციაში 100-ზე მეტი სახეობის უმაღლესი ყვავილოვანი და სპოროვანი მცენარეა, რომელთა უმეტესი ნაწილი მსოფლიოს ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნებიდანაა. დიდი ყურადღება ექცევა საქართველოს ენდემური მცენარეების შეგუებას ოთახის პირობებისადმი. ასევე წარმოდგენილია მღიერების კოლექცია, რომლის შეგროვებაში აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები. არსებული ნიმუშების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება სპეციალური სარკვევები. კოლექციის მცენარეები დიდი მოწონებით სარგებლობს მოყვარულებს შორის. 2017 და 2018 წლებში მოეწყო მცენარეთა გამოფენა - გაყიდვა. ამჟამად კოლექციაში ინახება რამოდენიმე სახეობა, რომელთა გაყიდვა შესაძლებელია. მაგალითად, სამკურნალო ალოე (რაოდენობა 50 ძირზე მეტი), დიფენბახია და გვიმრები (5 ძირზე მეტი), კაქტუსების ზოგიერთი სახეობა. 

მცენარეთა კოლექცია

საკონტაქტო ინფორმაცია

ნონა ჩხაიძე

ზოგიერთი სამკურნალო მცენარის შესწავლა და კულტივირების ტექნოლოგიური სქემის დამუშავება (2013 - 2014)

კვლევები ჩატარდა სამ სამკურნალო მცენარეზე (ვორონოვის თეთრყვავილა, აჭარული ანგელოზა და აჭარული ყოჩივარდა), არეალებისა და მარაგების შესწავლის მიზნით, მათ შორის ვორონოვის თეთრყვავილაზე მომზადდა მასალები და ანასეულის ბაზაზე გაშენდა პლანტაცია CITES-ის კონვენციის შესაბამისად, ლაბორატორიაში მიმდინარეობდა კვლევები თეთრყვავილას ფიზიოლოგიის შესწავლისადა გამრავლების ტექნოლოგიური სქემის შემუშავების მიზნით.