კახა ბენდუქიძის კვირეული 2024

14 აპრილი 2024

აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების ორგანიზებით კახა ბენდუქიძის კვირეული ტრადიციულად ტარდება აპრილში, კამპუსში.

16 აპრილი, 19:30 - საველე პრაქტიკა 2023 წლის შეჯამება - ღონისძიება ტარდება საველე პრაქტიკის კოორდინატორებისათვის მადლიერების გამოსახატად, რომლებიც 10 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საველე ბანაკებში მიყვებიან სტუდენტებს და მეთვალყურეობას უწევენ მათ. საველე პრაქტიკის დანერგვის იდეა უნივერსიტეტების დამფუძნებელს კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის და ის 10 წელზე მეტია, რაც ხორციელდება.

17 აპრილი, 17:00 - მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორიის (FUMA®Lab) პრეზენტაცია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორია მულტიდისციპლინური კვლევითი, სასწავლო და საკონსულტაციო აკადემიური ცენტრია. მეხსიერებისა და შფოთვისადმი FUMA®Lab-ის მიდგომა გულისხმობს ინტერდისციპლინურ კოლაბორაციებს ანთროპოლოგიის, ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერების, სოციოლოგიის, ფილოსოფიის, ისტორიოგრაფიისა და არქიტექტურის გადაკვეთაზე. პრეზენტაციისას ნუცა ბათიაშვილი, ნიკოლოზ ალექსიძე, ნინო ჟღენტი და ჯესი ვოგლერი ისაუბრებენ, თუ როგორ შეიძლება მოვიხელთოთ მეხსიერება და შფოთი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში ანთროპოლოგიიდან არქიტექტურამდე.

18 აპრილი, 12:00 - დასაქმების ფორუმი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. ფორუმში მონაწილეობას, ტრადიციულად, 100-ზე მეტი კომპანია იღებს, რომლებიც ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს და გააცნობენ საკუთარ კომპანიებში სტაჟირებისა, თუ დასაქმების შესაძლებლობებს.

18 აპრილი, 17:00 - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული შემეცნებითი კონკურსების გამარჯვებულების გამოვლენა. ყოველწლიურად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ატარებენ სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა შემეცნებით კონკურსს, რომელთა გამარჯვებულები მოიპოვებენ სწავლის დაფინანსებისათვის გრანტებს კახა ბენდუქიძის დაფუძნებული ცოდნის ფონდისგან.

19-20 აპრილი – Alumni Experience – თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდის ორგანიზებით წარმატებული კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების შეხვედრების 2-დღიანი სერია გაიმართება კამპუსში, რომლის ფარგლებშიც ალუმნები სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს კარიერული განვითარების შესახებ.

Შიდა 1