კამპუსის არქიტექტურული პროექტის საგამოფენო სივრცე მოეწყო
20 June 2024
კახა ბენდუქიძის კამპუსის არქიტექტურული პროექტის მუდმივი საგამოფენო სივრცე მოეწყო. კამპუსის შენობათა კომპლექსის არქიტექტურული პროექტის ავტორია ლადო ალექსი-მესხიშვილი.
კახა ბენდუქიძის კამპუსის შენობათა კომპლექსის პირველი ნაწილი (A კორპუსი) 1967 წლიდან არის ექსპლუატაციაში. კამპუსის ტერიტორიაზე მევენახეობა-მეღვინეობის შენობა, რომელიც ცნობილია, როგორც ამპელოგრაფიის შენობა, აშენდა 1970 წელს. შენობათა მეორე ნაწილის (B კორპუსი) მშენებლობა კი 1970-იანი წლების ბოლოს დასრულდა.
ექსპოზიცია განთავსებულია კამპუსის ფოიეს მეორე სართულზე, ბიბლიოთეკის მიმდებარედ და მოიცავს შენობის საპროექტო მასალას და ესკიზებს. აქვე გამოფენილია დენდროლოგიური პარკის თავდაპირველი ნახაზი და არქიტექტორის ჩანახატი.
ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია სასწავლო კომპლექსის არქიტექტურული მაკეტი. ექსპოზიციის კურატორია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, არქიტექტორი დიმიტრი ერისთავი.
მადლობას ვუხდით ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახს კამპუსის დენდროლოგიური პარკის ნახაზისა და B კორპუსის ჩანახატის ორიგინალის გადმოცემისთვის.