აგროფორუმი 2024
07 October 2024
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში აგროფორუმი 2024 ჩატარდა.
აგროფორუმზე წარმოდგენილი იყო აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის საგნის „აგროპროექტის“ ფარგლებში სტუდენტების მიერ დამოუკიდებლად მოყვანილი ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები. “აგროპროექტის” საგნის დასაწყისში სტუდენტებმა თავად აირჩიეს სასურველი კულტურები: კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, სიმინდი, ნესვი, საზამთრო და კარტოფილი და გადანაწილდნენ შესაბამის ნაკვეთებში.
"აგროპროექტის" საგნის პრაქტიკული ნაწილისათვის კახა ბენდუქიძის კამპუსში საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო, რათა სტუდენტებს საშუალება ქონდეთ დააკვირდნენ ერთწლიანი კულტურების სრულ სავეგეტაციო ციკლს. "აგროპროექტის" ფარგლებში სტუდენტებს მოჰყავთ მოსავალი ყველა აგრო-წესების დაცვით, რაც გულისხმობს ნაკვეთის დამუშავებას, რისკების შეფასებას, ბიუჯეტირებას, ნიადაგის ანალიზს, ნაყოფიერების მართვის გეგმის შემუშავებას, თესვას, მავნებლებსა და დაავადებებზე დაკვირვებას და შესაბამისი ბრძოლის ღონისძიებების გატარებას, მოსავლის აღება-დაბინავებას, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას.სტუდენტები „აგროპროექტის“ მიმდინარეობის დროს თავად არიან ჩართული, როგორც საველე, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში.
აგროფორუმი 2024-ის მხარდამჭერები არიან: აგროსფერო, Rijk Zwaan, აგრიკო, მარნეული აგრო, აგრონოვა, ტერაბანკი და აგრონომი.
სამომავლოდ, ტერაბანკი აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის 6 სტუდენტს, რომლებსაც „აგროპროექტის“ საგნის ფარგლებში საუკეთესო აკადემიური მოსწრება ექნებათ, მეოთხე კურსის მეორე სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს, ხოლო კომპანია აგრონომი 3 საუკეთესო შეფასების მქონე სტუდენტს სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.
გარდა ამისა, აგროფორუმის მონაწილე 17 სტუდენტს ტერაბანკმა, როგორც ღონისძიების პარტნიორმა, ბრენდირებული სამახსოვრო ნივთები გადასცა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აგროკომპანიების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები.
აგროფორუმზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ ლეჟავამ და აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის დეკანმა, თეო ურუშაძემ, აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და პარტნიორ კომპანიებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.