აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერი იაპონიაში მიემგზავრება

21 ივლისი 2017

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-მკვლევარინინო ზავრადაშვილი რვა თვით, იაპონიის ქალაქ საპოროში გაემგზავრება.

ნინო ამ ხნის განმავლობაში იმუშავებს ჰოკაიდოს უნივერსიტეტში, მაკრომოლეკულურ მეცნიერებათა განყოფილების კატალიზის ინსტიტუტში (ICAT) პოსტ-დოკის პოზიციაზე პროფესპორ ტამაკი ნაკანოს ხელმძღვანელობით.

ჰოკაიდოს უნივერსიტეტში ნინო ზავრადაშვილი დაასინთეზებს და შეისწავლის ახალი ტიპის, ე.წ. "ჰიბრიდულ" კატიონურ პოლიმერებს ამინომჟავა არგინინისა და ბიოგენური ტეტრაამინის - სპერმინის საფუძველზე.

აღნიშნული სამუშაოს მიზანია, უკვე შესწავლილი, ე.წ. "მშობელი" პოლიმერების დადებითი თვისებების შერწყმით მიღებულ იქნას ახალი, "ჰიბრიდული" პოლიკატიონები გაუმჯობესებული თვისებებით, კერძოდ, წყალში ხსნადი, მაღალმოლეკულური პოლიმერები გაზრდილი ციტოშეთავსებადობით და ტრანსფექციული აქტივობით.

ასეთი სახის პოლიკატიონები გამიზნულია მრავალფუნქციური სამედიცინო დანიშნულებისთვის როგორც გენის ტრანსფექციის და ანტიმიკრობულ, ასევე ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო აგენტებად.

გარდა ამისა, მათ საფუძველზე შეიძლება მიღებულ იქნას როგორც ბიოსამედიცინო, ასევე ტექნიკური დანიშნულების ბიოდეგრადირებადი ჰიდროგელები. 

მსგავსი სიახლეები