აგრობიზნესის მენეჯერის სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო
03 ნოემბერი 2017
მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში დაიწყო სასწავლო პროცესი აგრობიზნესის მენეჯერის სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე.
აგრობიზნესის მენეჯერის პროფესიული პროგრამა შემუშავებულია „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს“ (MCA-G) შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის ფარგლებში.
პროგრამა ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის სფეროში შრომის ბაზრის მოთხოვნაზე და კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსის განვითარებაზე.
პროგრამის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორის - ვეჰენინგენის უნივერსიტეტის და მისი კვლევითი ცენტრის (Wageningen University and Research Centre) ექსპერტებმა.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ძირითადი თეორიული საკითხების სწავლება, ასევე, პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება, რომლის შედეგად სტუდენტები შეიძენენ/აიმაღლებენ აგრობიზნესის მენეჯმენტისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, შეძლებენ მართონ საოჯახო ფერმერული მეურნეობა.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ მოდულებს:
○ აგრობიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, გადასახადები, ფინანსები, ბიუჯეტირება, ბიზნეს-გეგმა)
○ სასოფლო-სამეურნეო კულტურების აგროტექნოლოგია
ხეხილოვანი კულტურების გაშენება და მოვლა
○ ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების გაშენება და მოვლა
○ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის აღება-შენახვის ტექნოლოგია
○ აგრომექანიზაცია
○ კომპიუტერული უნარები
○ საწარმო პრაქტიკა
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს - სერტიფიცირებული აგრობიზნესის მენეჯერი (Certified Agribusiness Manager).
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობის და ლაბორატორიების აღჭურვილობის განახლების მიზნით, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარები.