მევენახე-მეღვინის ახალ სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო
26 სექტემბერი 2017
26 სექტემბერს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიაში დაიწყო სასწავლო პროცესი მევენახე-მეღვინის ახალ სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე.
მევენახე-მეღვინის პროფესიული პროგრამა შემუშავებულია „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ (MCA-G) შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის ფარგლებში.
პროგრამა ორიენტირებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის მოთხოვნაზე და კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსის განვითარებაზე.
პროგრამის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორის - ვეჰენინგენის უნივერსიტეტის და მისი კვლევითი ცენტრის (Wageningen University and Research Centre) ექსპერტებმა.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ძირითადი თეორიული საკითხების სწავლება, ასევე, პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება, რომლის შედეგად სტუდენტები შეიძენენ/აიმაღლებენ მევენახეობა-მეღვინეობისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ მოდულებს:
• მევენახეობის ბიოლოგიურ-სამეურნეო საფუძვლები
• ნიადაგი და ნიადაგის მოვლა
• ვაზის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლა
• ვენახის გაშენება და მოვლა
• ყურძნის გადამუშავება და ვინიფიკაცია
• ღვინის დამუშავების ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფუძვლები
• ღვინის მოვლა
• ღვინის მარკეტინგი და ხარისხის მენეჯმენტი
• ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება და ჩამოსხმა
• ღვინის დეგუსტაცია
კომპიუტერული უნარები
• საწარმოო პრაქტიკა
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს - სერტიფიცირებული მევენახე-მეღვინე (Certified Viticulturist-Oenologist).
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობის და ლაბორატორიების აღჭურვილობის განახლების მიზნით. სრულად განახლდა და აღიჭურვა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემია და ღვინის ტრადიციული მარანი. ასევე, თანამედროვე მოწყობილობებით აღიჭურვა მევენახეობა-მეღვინეობის 4 სასწავლო ლაბორატორია, სადაც პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარები.