სეზონური სკოლა ნიადაგმცოდნეობაში

24 ივლისი 2019

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის ორგანიზებით წარმატებით განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2018 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტი - სეზონური სკოლა „საქართველოს ძირითადი ნიადაგები და ნიადაგმცოდნეობის აქტუალური საკითხები“.

პროექტის მიზანს საქართველოს ძირითადი ნიადაგების განხილვა და თანამედროვე ნიადაგმცოდნეობის აქტუალურ საკითხებთან შეჯერება წარმოადგენს. სეზონურ სკოლაში აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, როგორიცაა: ბათუმის შოთა რუსთაველის, ქუთაისის აკაკი წერეთლის, თელავის იაკობ გოგებაშვილი სახელობის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, ილიას სახელმწიფო და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ. პროექტის ხელმძღვანელია აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე.

სეზონური სკოლის პროგრამა ითვალისწინებდა როგორც თეორიული ლექციების მოსმენას, ასევე საველე პრაქტიკულ სამუშაოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ცნობილი პედაგოგების და მეცნიერების, მათ შორის მოწვეული უცხოელი პროფესორის ვინფრიდ ბლუმის (BOKU, ავსტრია), მიერ ჩატარდა 10 სხვადასხვა თემატიკის ლექცია - ქუთაისში, ანასეულში, გორში, თელავსა და თბილისში.

სტუდენტები საველე პირობებში გაეცნენ ნიადაგის სხვადასხვა ტიპებს, კერძოდ: დასავლეთ საქართველოში - ყვითელმიწა-ეწერებს, ყვითელმიწებს, წითელმიწებს, ყვითელ-ყომრალ ნიადაგებს; აღმოსავლეთ საქართველოში - ყავისფერ, მთა-მდელოს, მთა-ტყე-მდელოს და კორდიან-კარბონატულ ნიადაგებს; სამხრეთ საქართველოში - ყომრალ-შავ, ყომრალ და შავმიწა ნიადაგებს.

სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და სპეციალურად მომზადებული სალექციო მასალების ელექტრონული კრებული, რომლებშიც ქართულ და ინგლისურ ენებზე ასახულია ნიადაგმცოდნეობის აქტუალური საკითხები და ვრცელი ინფორმაცია საქართველოს ნიადაგების შესახებ.

მსგავსი სიახლეები