შოთა რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსში აგრარული უნივერსიტეტის წიგნმა გაიმარჯვა

03 აგვისტო 2021

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა წიგნმა „ვენახი და გარემო“, რომლის ავტორები არიან თენგიზ ურუშაძე, გურამ ალექსიძე, ამირან თხელიძე, ელინა ბაქრაძე. წიგნი შედგება ოთხი თავისგან, დანართში მოცემულია ძირითადი ნიადაგების გავრცელების რუქები და ვაზის მავნებლების ფოტოსურათები. ნაშრომში მოტანილია ვენახების ნიადაგების  დახასიათება, ეკოლოგიური პირობები, გენეტიკური თავისებურებანი, ძირითადი ელემენტარული ნიადაგწარმომქმნელი პროცესები, ნიადაგების ტერმინოლოგიის შესაბამისობა ნიადაგების რესურსების მსოფლიო საცნობარო ბაზასთან (WRB). ვენახების ნიადაგების აგროქიმიური თავისებურებების განხილვისას მოცემულია ნაყოფიერების შეფასება, აგროქიმიური დახასიათება (საკვები ელემენტების საერთო და მოძრავი ფორმების შემცველობა) და ნაყოფიერების მართვის გეგმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი მევენახეებისათვის. წიგნში დახასიათებულია ვაზის მავნებლები როგორც მიწისქვეშა ასევე  მიწისზედა, ვაზის დაავადებები, მათ შორის სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული. განხილულია მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა სისტემები. აგროეკოლოგიის ზოგიერთ ასპექტებში გაშუქებულია ეროზია, დაბინძურება რადიაციით და მძიმე ლითონებით.

წიგნი განკუთვნილია აგრარული მეცნიერებების მიმართულების სტუდენტებისთვის, შესაბამისი პროფესიული კურსების მსმენელებისათვის. აგრეთვე დარგით დაინტერესებული აკადემიური აუდიტორიისთვის. 

წიგნი გამოიცემა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ.

მსგავსი სიახლეები