თენგის და თემურ ქანთარიების მორიგი წარმატება

21 მაისი 2019

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერებმა, თენგიზ და თემურ ქანთარიებმა მოიპოვეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ერთობლივი სტიპენდიები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.

ქიმიის აკადემიური დოქტორი თენგიზ ქანთარია 6 თვით გაემგზავრება გერმანიაში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში (Institute of Pharmacy, Free University of Berlin, Berlin), სადაც განახორციელებს კვლევას თემაზე „New biodegradable antimicrobial polymers based on cationic triazolium groups in the backbone“. სტაჟირების ფარგლებში თენგიზ ქანთარიას დაგეგმილი აქვს ახალი ტიპის ბიოდეგრადირებადი ანტიმიკრობული პოლიმერების მიღების მეთოდიკის შენუშავება და ახალი პოლიმერების არქიტექტურის ზეგავლენის შესწავლა მათ ანტიმიკრობულ ეფექტურობაზე და ტოქსიკურობაზე. კვლევის შედეგად შერჩეული იქნება საუკეთესო პოლიმერული სტრუქტურები, რათა შემდგომ კვლევებში მოახდინონ მათი ოპტიმიზაცია.

ქიმიის აკადემიური დოქტორი თემურ ქანთარია 6 თვით გაემგზავრება გერმანიაში, მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკაში (Department of Ophthalmology, Universitätsklinikum Münster, University of Münster, Münster), სადაც განახორციელებს კვლევას თემაზე „Elaboration of dexamethasone-loaded poly(ester amide) nanoparticles for ocular drug delivery“. მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკის კვლევით ბიოსამედიცინო ლაბორატორიაში თემურ ქანთარია შეისწავლის პოლიმერულ ნანონაწილაკებში წამლის ჩართვის ეფექტურობას და წამლის გამოთავისუფლების პროცესებს. თემურ ქანთარიას მიერ შემუშავებული პოლიმერული ნანონაწილაკები პერსპექტიულია ბიოსამედიცინო გამოყენებისათვის, როგორც წამლის მიმწოდებელი ნანოკონტეინერები.

მსგავსი სიახლეები