თხილის სექტორის მომავალი ლიდერების სასწავლო პროგრამა

28 დეკემბერი 2015

USAID/REAP–ის, შპს აგრიჯორჯიასა და აგრარული უნივერსიტეტის ინიციატივით ამა წლის 15 აგვისტოს დაიწყო საქართველოს თხილის სექტორის მომავალი ლიდერების სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს თხილის მოვლა-მოყვანის სრულ ციკლს. აგვისტო-სექტემბერში აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიარეს პროგრამის პირველი ნაწილი.პროექტის ფარგლებში აგრიჯორჯიას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ჩაატარებენ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ პრაქტიკაში გაეცნონ თხილის მოვლა მოყვანის სრულ ციკლს რომელიც მოიცავს, პლანტაციების მართვას, პარაზიტების წინააღმდეგ მიმართულ კომპლექსურ ღონისძიებებს, მოსავლის აღებას, მოსავლის აღების შემდგომ პროცედურებს, როგორიცაა მაგალითად, თხილის შრობა. თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩატარდება აგრიჯორჯიას პლანტაციებში, ახლად შექმნილ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე - სოფ. საჩინოსა და სოფ. ჯაღირაში, ასევე ადგილობრივ მეთხილეთა ბაღებში.

აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ თხილის სექტორის სპეციალისტების მომზადებას, არამედ ეს იქნება საქართველოში კვალიფიციური აგრონომების ნაკლებობის დაძლევისკენ მიმართული ქმედება.
სტუდენტები თავად მიიღებენ მონაწილეობას ნაკვეთების მომზადებაში - იქნება ეს მიწის პირველადი დამუშავება თუ სხვა ნებისმიერი სამუშაო, რომელიც გასაწევია თხილის პლანტაციის გაშენებისას ნერგის ჩარგვის ჩათვლით.

სტუდენტები წელიწადში ოთხჯერ ორი-სამი კვირის განმავლობაში იცხოვრებენ სამეგრელოს რეგიონში და გაივლიან სწავლებას აგრიჯორჯიას პლანტაციების ტერიტორიაზე. ისინი აქტიურად იქნებიან ჩართული სასწავლო ღონისძიებებში ადგილობრიც და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად და გახდებიან მზარდი ორგანიზაციის – საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA)აქტიური წევრები. თითოეული სტუდენტი შეიძენს ცოდნას და მიიღებს მნიშვნელოვან გამოცდილებას, რაც ფასეული იქნება მათი პროფესიული ზრდისთვის.
ამ ეტაპზე სტუდენტები გაივლიან ციკლს-ახალი ბაღის გაშენება და არსებული ბაღის გასხვლა-ფორმირება. ტრენინგი დაიწყო 14 დეკემბერს და კვირის ბოლოს დასრულდება. მასში აგრარული უნივერსიტეტის 45 სტუდენტი იღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები