ვეტერინარი ტექნიკოსის სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო

03 ნოემბერი 2017

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში დაიწყო სასწავლო პროცესი ვეტერინარი ტექნიკოსის  სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე. 

ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული პროგრამა შემუშავებულია  „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს“ (MCA-G) შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის ფარგლებში. 
პროგრამა ორიენტირებულია ვეტერინარიაში შრომის ბაზრის მოთხოვნაზე და კვალიფიციური და  კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსის განვითარებაზე.
პროგრამის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორის - ვეჰენინგენის უნივერსიტეტის და მისი კვლევითი ცენტრის (Wageningen University and Research Centre) ექსპერტებმა. 
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ძირითადი თეორიული საკითხების სწავლება, ასევე, პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება, რომლის შედეგად სტუდენტები შეიძენენ/აიმაღლებენ ვეტერინარი ტექნიკოსისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. 
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ მოდულებს: 
•    ცხოველთა ბიოლოგიური თავისებურებები

•    ცხოველთა არაგადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
•    ცხოველთა გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და მკურნალობა 
•    შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი და კატა) დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

•    ვეტერინარული ქირურგია

•    ფარმაკოლოგია

•    პირველადი გადაუდებელი ვეტერინარული დახმარება და კრიტიკული მდგომარეობის მართვა 
•    მეანობა და გინეკოლოგია 
•    კომპიუტერული უნარები 
•    საწარმოო პრაქტიკა 
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს - სერტიფიცირებული ვეტერინარი ტექნიკოსი (Certified Veterinary Technician). 
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობის და ლაბორატორიების აღჭურვილობის განახლების მიზნით. თანამედროვე მოწყობილობებით აღიჭურვა ვეტერინარიის 4 სასწავლო ლაბორატორია, სადაც პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარები. 

მსგავსი სიახლეები