ენტომოლოგიის კოლექცია

ენტომოლოგიის კოლექცია

ენტომოლოგიის კოლექცია დაფუძნდა რამოდენიმე ინსტიტუტის კოლექციების გაერთიანების საფუძველზე 2011 წლის აგვისტოში. კოლექცია ემსახურება როგორც სამეცნიერო, ასევე სასწავლო მიზნებს. გარდა ამისა, იგი არის საშუალება მულტიინსტიტუციური და საერთაშორისო თანამშრომლობის.

ამჟამად კოლექცია მოიცავს მილიონამდე ნიმუშს (ინდივიდს). მათგან 5000-მდე ინდივიდი გარკვეულია სახეობის დონეზე. განსაკუთრებულია ხეშეშფრთიანების, სიფრიფანაფრთიანებისა და ქერცლფრთიანების კოლექციები. კოლექციებში მოთავსებულია მეცნიერებისათვის ახალი სახეობების 50-ზე მეტი ტიპი, რაც კოლექციას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

კოლექციებშია ასევე ობობასნაირების 400-ზე მეტი სახეობის 1000-მდე ინდივიდი. გარდა ამისა, ენტომოლოგიის ინსტიტუტს გააჩნია აბრეშუმის ჭიის 40-მდე ჯიშის ცოცხალი კოლექცია. არსებული ნიმუშების იდენტიფიცირება ხდება მორფოლოგიურად, თუმცა არის მოლეკულური მეთოდების ალტერნატივაც. კოლექციის ფარგლებში ენტომოლოგიის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს სმითსონიანის მუზეუმთან (ვაშინგტონი, აშშ), ბრიტანეთის ბუნებისმეტყველების მუზეუმთან (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), მადრიდის ბუნებისმეტყველების მუზეუმთან (მადრიდი, ესპანეთი), ოსლოს ბუნებისმეტყველების მუზეუმთან (ოსლო, ნორვეგია), ჰამბურგისა და ბონის ბუნებისმეტყველების მუზეუმებთან (გერმანია), იბარაკისა და კიუშუს უნივერსიტეტები (იაპონია) და სხვ.

ენტომოლოგიის კოლექცია

საკონტაქტო ინფორმაცია

გიორგი ჯაფოშვილი

მწერების ორი ეკონომიურად მნიშვნელოვანი ჯგუფის კოლექციის შექმნა (2022 - 2023)

პროექტი ითვალისწინებს 3 განხვავებული ჰაბიტატის, გომბორის ქედის, ლაგოდეხის ნაკრძალისა და ვაშლოვანის ნაკრძალის ქალციდებისა და სწორფრთიანების კოლექციის შექმნას. პროექტის ფარგლებში იგეგმება როგორც ციფრული, ასევე ფიზიკური კოლექციის შექმნა და ამ ორი ჯგუფის ბარკოდირებაც.


კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირება. გარმანიის მეცნიერებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (2020 – 2023)

გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს პროექტის - კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირება (CaBOL) მიზანია კავკასიის ცხოველთა და მცენარეთა სახეობების დნმ ბარკოდირება და კატალოგიზირება. ამ ეტაპზე გამოკვლეულია კინტრიშის ეროვნული პარკის, რაჭა-ლეჩხუმის, ვაშლოვანის, გომბორის ქედისა და ლაგოდეხის მწერების ნაწილი. პროექტი მულტიინსტიტუციურია და მონაწილეობს 3 ქვეყანა და 6 დაწესებულება. ენტომოლოგიის ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში სიფრიფანაფრთიანების ნაწილით შემოიფარგლება. გამოქვეყნებულია 7 სამეცნიერო პუბლიკაცია, სადაც 200-ზე მეტი კავკასიისათვის და 300-ზე მეტი საქართველოსათვის ახალი სახეობაა, ხოლო 5 მეცნიერებისათვისაა ახალი.