აგრარული პროფილის სპეციალისტების საკვალიფიკაციო გადამზადების ცენტრი
22 ივნისი 2016
გაეროს განვითარების პროგრამის მიმდინარე პროექტის, "რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება პროექტი - "აგრარული პროფილის სპეციალისტების საკვალიფიკაციო გადამზადების ცენტრი".
პროექტის მიზანს წარმოადგენს აგრარული პროფილის მქონე სპეციალისტებისა და ფერმერებისათვის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული სასწავლო-გადასამზადებელი ცენტრის შექმნა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სუპტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის ბაზაზე.
აღსანიშნავია, რომ ბაზას ჩაუტარდა რეაბილიტაციის პროცესი, რის შედეგადაც იგი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურით და ლაბორატორიით.
ამ დროისათვის დასრულებულია სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესი და დაწყებულია მსმენელთა ჯგუფების შედგენა.
პროექტში მონაწილეობის მსურველ ფერმერებს და აგრარული პროფილის სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ შეარჩიონ და გაიარონ გადამზადების კურსები სოფლის მეურნეობის მათთვის სასურველი დარგების მიმართულებით.
ამ ეტაპზე სალექციო კურსები ჩატარდება შემდეგ სპეციალობებში:
- ვეტერინარია
- ფიტოპათოლოგია
- მეფუტკრეობა
- მცენარეული ნედლეულის შენახვა-გადამუშავება
- ენტომოლოგია
- მეციტრუსეობა
- სუბტროპიკული კულტურები
- მეჩაიეობა
- მცენარეთა ქიმიური დაცვა
მსმენელებს ჩაუტარდებათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები. პროექტის ფარგლებში ლექციებზე დასწრება და გადამზადების კურსების გავლა უფასოა. ლექციებს ჩაატარებენ აგრარული უნივერსიტეტის შესაბამისი პროფილის მეცნიერები და მოწვეული ექსპერტები.