აგრარული უნივერსიტეტი იულიხის კვლევით ცენტრთან ითანამშრომლებს

14 თებერვალი 2016

აგრარული უნივერსიტეტი ერთადერთი კერძო უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას იულიხის (გერმანია) კვლევით ცენტრთან.

ხელშეკრულება გულისხმობს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის სამეცნიერო თანამშრომლობას, ასევე, ბაკალავრიატის სტუდენტების მოკლევადიან ვიზიტებს კვლევითი სტიპენდიებით იულიხის ცენტრში, მაგისტრატურის სტუდენტების 8-თვიან ვიზიტს სამაგისტრო ნაშრომის მოსამზადებლად და მაგისტრატურის კურსდამთავრებულების მიერ სადოქტორო ნაშრომების მომზადებას გერმანიაში.

ბაკალავრებს მხოლოდ გერმანული მხარე დააფინანსებს, ხოლო მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს იულიხის კვლევით ცენტრთან ერთად ნაწილობრივ რუსთაველის სამეცნიერო ფონდიც.

კანდიდატებს ასევე გერმანული მხარე აარჩევს.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გერმანიაში უკვე გაემგზავრა აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის მე-3 კურსის სტუდენტი მიქაელ გაგოშიძე სკოლის დეკანთან, ზაზა მეტრეველთან ერთად. მიქაელი სამკვირიანი, კვლევითი სტიპენდიით მიიწვიეს და მისი ვიზიტი სრულად ფინანსდება გერმანული მხარის მიერ. ვიზიტის ფარგლებში ის გაეცნობა და სამომავლოდ ჩაერთვება იმ სამეცნიერო კვლევებში, რაც იგეგმება იულიხის კვლევით ცენტრსა და აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო ინჟინერიის სკოლას შორის.

მიქაელ გაგოშიძე აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო ინჟინერიის სხვა სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდა იულიხის კვლევითი ცენტრის პროფესორების მიერ 2015 წლის ოქტომბერში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ საშემოდგომო ლექციებისა და პრაქტიკულების კურსში და ის სწორედ გერმანელმა პროფესორებმა შეარჩიეს.

მსგავსი სიახლეები