აგრარული უნივერსიტეტის ჟურნალები საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში

28 სექტემბერი 2015

18 სექტემბერს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას "ელსევიერის" უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ჟურნალის: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის "აგრარულ მეცნიერებათა მემატიანეს" და თსუ-ს "ა.რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ჟურნალის" განთავსების შესახებ. ქართული სამეცნიერო ინგლისურენოვანი ჟურნალები "ელსევიერის" წარმომადგენლობამ ელექტრონულ პლატფორმაზე განსათავსებლად მაღალი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სტანდარტების შესაბამისად შეარჩია.

ხელმოწერას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და თსუ-ს რექტორები, სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორები და სხვ. აგრარული უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეკრელებას ხელი მოაწერეს რექტორმა ლაშა გოცირიძემ და ჟურნალის რედაქტორმა აკად. თენგიზ ურუშაძემ.


"ელსევიერი" მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი გამომცემლობაა, რომელსაც 16 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ყოველწლიურად აქ ქვეყნდება 2200 წამყვანი სამეცნიერო ჟურნალის 250 000-მდე სამეცნიერო სტატია. ყოველწლიურად 30 მილიონზე მეტ მეცნიერს, სტუდენტს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტს აქვთ საშუალება ისარგებლოს გამომცემლობის ინფორმაციით.

"აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე" 13 წელია გამოიცემა. ჟურნალის სარედაქციო საბჭოში ქართველ მეცნიერებთან ერთად შედიან მრავალი ქვეყნის (გერმანია, ავსტრია, ჩილე, იაპონია, იტალია, ინდოეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, პოლონეთი და სხვ.) აგრარული დარგის აღიარებული მეცნიერები. ჟურნალი ინგლისურენოვანია და ყოველწლიურად გამოიცემა 4 ნომერი.

მსგავსი სიახლეები