აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების სტატია Genetic Resources and Crop Evolution-ში

05 მარტი 2015

გამომცემლობა Springer-ის ჟურნალმა Genetic Resources and Crop Evolution (გენეტიკური რესურსები და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ევოლუცია) საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელთა ერთობლივი სტატია "ზანდურის ხორბლების (Triticum spp.) ქლოროპლასტური დნმ-ის სრული თანმიმდევრობა" გამოაქვეყნა.

სტატიის ავტორები არიან: მ. გოგნიაშვილი, პ. ნასყიდაშვილი, დ. ბედოშვილი, ა. კოტორაშვილი, ნ. კოტარია და თ. ბერიძე.

საქართველომ და ქართველმა ხალხმა დიდი როლი შეასრულა ზოგადად ხორბლების შექმნასა და ჩამოყალიბებაში. ზანდური, როგორც ახალი ბიოლოგიური სახეობა აღმოჩენილ იქნა დასავლეთ საქართველოში გასული საუკუნის ოციან წლებში. ზანდური წარმოადგენს დიპლოიდური ხორბლის Triticum monococcum (2n=14) (გვაწა ზანდური), ტეტრაპლოიდური ხორბლის Triticum timopheevii (2n=28) (ჩელტა ზანდური) და ჰექსაპლოიდური ხორბლის Triticum zhukovskyi (2n=42) ანაკრებს.

წინამდებარე ნაშრომში განისაზღვრა ზანდურის სამივე ხორბლის ქლოროპლასტური დნმ-ის პირველადი სტრუქტურა ახალი გენერაციის სეკვენირების ტექნოლოგიის მეშვეობით.

სეკვენირება ჩატარდა ლუგარის ცენტრში ხელსაწყოზე Illumina MiSeq. ქლოროპლასტური დნმ-ის აწყობა მოხდა კომპიუტერული პროგრამით SOAPdenovo. ზანდურის ქლოროპლასტური დნმ-ების სიგრძე მერყეობს 134000 ფუძეთა წყვილის ფარგლებში.

ზანდურის ქლოროპლასტური დნმ-ების მოლეკულები შედარდა ხორბლებისა (გვარი Triticum) და მონათესავე გვარის Aegilops-ის ქლოროპლასტურ დნმ-ებს. ნაჩვენები იქნა, რომ ზანდურის ხორბლები ქლოროპლასტური დნმ-ის სტრუქტურის მიხედვით განსაკუთრებით ახლო ნათესაობას ამჟღავნებენ ველურ სახეობასთან Aegilops speltoides.

ყველაზე მნიშვნელოვანი გასხვავება მათ შორის არის 114 ფუძეთა წყვილის დელეცია ზანდურების გენში ndhH.

მსგავსი სიახლეები