აგრარული უნივერსიტეტის ორი ახალი საგრანტო პროექტი
29 მარტი 2016
რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერის პროექტის მცირე გრანტების პროგრამაში (SGS) გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსის შედეგად დაფინანსდა აგრარული უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი ორი პროექტი.
პირველი პროექტის, "აგრარული პროფილის სპეციალისტების საკვალიფიკაციო ცენტრის" - მიზანს წარმოადგენს აგრარული პროფილის მქონე სპეციალისტებისა და ფერმერებისათვის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული სასწავლო-გადასამზადებელი ცენტრის შექმნა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სუპტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის ბაზაზე. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრეინინგები მეციტრუსეობასა და სუბრებტროპიკული კულტურებში, მებოსტნეობაში, ფიტოპათოლოგიაში, ენტომოლოგიაში, მცენარეთა დაცვაში, მეჩაიეობაში, მეცხოველეობასა, მეფუტკრეობაში, ლაბორატორიულ უნარ-ჩვევების განვითარებაში და ა.შ.
მეორე პროექტის, "მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის" პროექტის მიზანია გურიის რეგიონის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება საბუნებისმეტყველო საგნებში (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა). პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 150 მასწავლებლის გადამზადება შესაბამისი საგნის ექსპერიმენტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
შედეგად, გარდა იმისა რომ აიმაღლებენ კვალიფიკაციას, მათ მიეცემათ შესაძლებლობა მეცადინეობები ჩაატარონ ექსპერიმენტების გამოყენები, მოსწავლეებსა და აბიტურიენტებში ხელი შეუწყონ საბუნებისმეტყველო დარგის პოპულარიზაციას, შეასრულონ კვლევითი ხასიათის პროექტები და მოსწავლეები წარადგინონ ეროვნულ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებზე, ასევე დასაქმდნენ ინდუსტრიისა თუ დიაგნოსტიკის ლაბორატორიებში.
პროექტების ხანგრძლივობა შეადგენს 7 თვეს, ხოლო ჯამური ბიუჯეტი - 100 000 ლარს. მათი განხორციელება დაგეგმილია კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრში (ოზურგეთი, ანასეული).