აგრობიზნესის სპეციალისტის სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე ანასეულში სწავლა დაიწყო
10 მაისი 2018
მიმდინარე წლის 5 მაისს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის - კახა ბენდუქიძის კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრში, რომელიც გურის რეგიონში, ანასეულში მდებარეობს დაიწყო სასწავლო პროცესი აგრობიზნესის სპეციალისტის სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე.
აგრობიზნესის სპეციალისტის პროფესიული პროგრამა შემუშავებულია „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტსა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს“ (MCA-G) შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის ფარგლებში.
პროექტი ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის სფეროში შრომის ბაზრის მოთხოვნაზე და მიზნად ისახავს კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსის განვითარებას.
პროგრამის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორების - ვეჰენინგენის უნივერსიტეტის, მისი კვლევითი ცენტრის (Wageningen University and Research Centre) და „იმერეთი გრინერის“ ექსპერტებმა.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ძირითადი თეორიული საკითხების სწავლება, ასევე, პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება, რომლის შედეგად სტუდენტები შეიძენენ/აიმაღლებენ აგრობიზნესის სპეციალისტისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და ასევე, შეძლებენ მართონ საოჯახო ფერმერული მეურნეობა.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ მოდულებს:
- აგრობიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, გადასახადები, ფინანსები, ბიუჯეტირება, ბიზნეს-გეგმა)
- სასოფლო-სამეურნეო კულტურების აგროტექნოლოგიის შემდეგი მიმართულებები
- ნიადაგი და ნიადაგის მოვლა
- აგროქიმია
- სუბტროპიკული ხეხილოვანი კულტურების გაშენება და მოვლა
- კომპიუტერული უნარები
- საწარმო პრაქტიკა
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს - სერტიფიცირებული აგრობიზნესის სპეციალისტი.
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობის და ლაბორატორიების აღჭურვილობის განახლების მიზნით.
ანასეულის კამპუსში, შენობის ინფრასტრუქტურა შესაბამისობაში მოვიდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მოთხოვნებთან, რაც მნიშვნელოვანია ინკლუზიური განათლებისთვის.