აგრუნის მეცნიერების მორიგი სტატია საერთაშორისო გამომცემლობაში

14 მარტი 2016

სამეცნიერო ჟურნალში Current Genetics (შპრინგერის გამომცემლობა) გამოქვეყნდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის თანამშრომლების, მარი გოგნიაშვილისa და თენგიზ ბერიძის სტატია - Complete chloroplast genomes of Aegilops tauschii Coss. and Ae. cylindrica Host sheds light on plasmon D evolution.

სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ხორბლის ფორმირებაში. შუამდინარეთში მოხდა მარტივი დიპლოიდური Triticum monococcum (გენომი - AA), ასევე ტეტრაპლოიდური Triticum turgidum ხორბლის მოშინაურება (გენომი - AABB). გაშინაურებული ტეტრაპლოიდური ხორბლის კულტივირების ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გაფართოებამ შესაძლებელი გახადა მისი კონტაქტები ველურ Aegilops tauschii-თან (გენომი - DD), რომელიც იზრდება სამხრეთ კავკასიაში. მათი ურთიერთდაკავშირების (ალოპლოიდიზაციის) შედეგად დაახლოებით 7ათასი წლის წინ წარმოიქმნა ჰექსაპლოიდური ხორბალი (პურის ხორბალი) Triticum aestivum-ი (გენომი - BBAADD).

დღეისათვის ხორბლების შესწავლის საქმეში განსაკუთრებით აქტუალურია T. aestivum-ის წარმოქმნის მექანიზმების გარკვევა. შესაძლებელი გახდა ჰექსაპლოიდური ხორბლების ახალი ფორმების მიღება D გენომის ჩანაცვლების გზით. ამჟამად მსოფლიოში ინტენსიურად ისწავლება D გენომის წინამორბედი - Aegilops tauschii ssp. strangulata.

ეს ფორმა, რომელიც არის D გენომის დონორი, ფართოდ არის გავრცელებული სამხრეთ კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში. მოცემულ კვლევაში გარკვეულ იქნა Ae.tauschii-ს და Ae. cylindrica-ს სხვადასხვა ფორმების წარმოქმნის გზები. მიღებული შედეგები ადასტურებენ, რომ სამხრეთ კავკასია (კერძოდ საქართველო) არის პურის ხორბლის წარმოქმნის ერთ-ერთი ცენტრი. პურის ხორბლის გენომის 1/3 კავკასიური (ქართული) გენომია, ხოლო ეს ხორბალი ჩვენს ტერიტორიაზე დაახლოებით 7 ათასი წლის წინ წარმოიქმნა.

 

მსგავსი სიახლეები