აგრუნის პროფესორების კვლევა Water, Air & Soil Pollution-ში
25 აპრილი 2020
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები გია ხატისაშვილი და თამარ ვარაზი, ჩვენივე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ევგენი ბუნინთან ერთად არიან თანაავტორები ახალი სამეცნიერო კვლევის, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში (იმპაქტ ფაქტორი: (2018) 1.774) ბიოსფეროს დაბინძურების შესახებ (Water, Air & Soil Pollution; Volume 231, Issue 5, May 2020).
სამეცნიერო სტატია ეხება დარიშხანით დაბინძურებული ნიადაგის ბაქტერიული შედგენილობის შესწავლას ბიოჩიპის ტექნოლოგიის გამოყენებით.
კერძოდ, მეცნიერთა ჯგუფმა გამოიკვლია გასული საუკუნის 30 წლებიდან რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე ოდესღაც მოქმედი მადან-გადამამუშავებელი საწარმოების მიდამოებში არსებულ მდგომარეობა. კვლევა წარმოადგენს, მაღალ დონეზე დაბინძურებული ნიადაგების (400 მგ/კგ-დან, რაც სოფელ ურავის დარიშხანის სულფიდური მადნის გადამუშავების ქარხნის მიდამოში დაფიქსირდა - სოფელ ცანაში არსებულ 11.3 გ/კგ-მდე დარიშხანის ოქსიდის ყოფილ საწყობთან) ადგილობრივი ბაქტერიული კონსორციუმის შესწავლის მცდელობას ინოვაციური, მრავალმიზნობრივი ბიოანალიზური მეთოდის - დნმ ბიოჩიპის (microarray) გამოყენებით. დარიშხანის ფორმების კონცენტრაციის განსასაზღვრად გარემოს ნიმუშებში გამოიყენებოდა მოლიბდენის ლურჯის მოდიფიცირებული ფოტოკოლორიმეტრიული მეთოდი. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაბინძურებული ნიადაგები შეიცავს შტამებს -Shewanella spp., Bacillus spp. და სულფო-მარედუცირებელ ბაქტერიებს, რომლებიც შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული აღნიშნულ რეგიონში დარიშხანით დაბინძურებული ნიადაგების აღდგენის კომპლექსური in-situ ფიტორემედიაციული მეთოდის შესამუშავებლად.
კვლევის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3eSBHQq
აღნიშნული სამეცნიერო კვლევა ჩატარებულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.