აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის მორიგი წარმატება

18 აპრილი 2015

Elsevier-ისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, Elsevier-ის სისტემაში განთავსების მიზნით ჩატარებული ერთობლივი კონკურსის შედეგად, შეირჩა 2 სამეცნიერო ჟურნალი Annals of Agrarian Science და Journal of A. Razmadze Mathematical Institute.

Elsevier-ი წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ონლაინ ბიბლიოთეკას რომელსაც 16 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ყოველწლიურად აქ ქვეყნდება 2200 წამყვანი სამეცნიერო ჟურნალის 350 000-მდე სამეცნიერო სტატია.

ერთ-ერთი შერჩეული ჟურნალი Annals of Agrarian Science წარმოადგენს 2003 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის თაოსნობით დაფუძნებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს, რომელიც დღემდე მისი რედაქტორობით გამოიცემა. 2016 წლიდან მოხდება ჟურნალის Elsevier-ის ეგიდით გამოცემა.

ჟურნალის დამფუძნებლებია - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტო.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, 16 აპრილს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვია Elsevier-ის აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალების გამოცემათა დირექტორი ევა კიტელ-პრეისი და Elsevier-ის გამომცემლობის კოორდინატორი ჯოანა ლევშუკი. სტუმრებმა დაათვალიერეს კამპუსი, გაეცნენ მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს და სამომავლო თანამშრომლობაზე მოლაპარაკება გამართეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიკოს თენგიზ ურუშაძესთან.

ჟურნალის ეს წარმატება და აღიარება ხელს შეუწყობს აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული ქართველი მკვლევარების საერთაშორისო პროცესებში ინტეგრირებასა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მათი ცნობადობის ამაღლებას.

მსგავსი სიახლეები