ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა ცოდნის ფონდის ერთადერთი დამფუძნებელი-მემკვიდრე გახდა

06 ივნისი 2016

კახა ბენდუქიძის ქალიშვილი, ანასტასია ცოდნის ფონდის ერთადერთი დამფუძნებელი-მემკვიდრე გახდა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების დამფუძნებელ ორგანიზაციას.

ანასტასიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტი მამამისის დაფუძნებული უნივერსიტეტებია, სწორედ ამის გამო მიმართა მან სასამართლოს კახა ბენდუქიძის შვილად აღიარების მოთხოვნით. სასამართლო პროცესის შედეგად, რომელიც გრძელდებოდა 1 წლის განმავლობაში პარალელურად 3 ქვეყანაში, იანვარში ანასტასია კახა ბენდუქიძის მემკვიდრედ დასახელდა. მემკვიდრედ ოფიციალურად აღიარების შემდეგ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ანასტასია იყო ცოდნის ფონდის მხოლოდ 50%-ის სამართალმემკვიდრე. დღეს ანასტასია უკვე ცოდნის ფონდის ერთადრეთი დამფუძნებელი-მემკვიდრეა.

“მე გავაკეთე ყველაფერი რაც შემეძლო უნივერსიტეტების დასაცავად. ვფიქრობ, მამა იამაყებდა ჩემით. უნივერსიტეტები იმ სტრატეგიით გააგრძელებენ განვითარებას, რომელიც მამაჩემს, კახა ბენდუქიძეს ჰქონდა შემუშავებული. ერთი წლის წინ მე ვთქვი, რომ მე ვიბრძოლებდი უნივერსიტეტებისათვის მამაჩემის მთავარი საქმის გასაგრძელებლად და მე ეს შევასრულე. ახლა უკვე სიამაყით შემიძლია ვთქვა: მე ვარ ცოდნის ფონდის ერთადერთი დამფუძნებელი-მემკვიდრე. გასული რამდენიმე თვე იყო ძალიან რთული, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს წინაშე არ იდგა არჩევანი: უნივერსიტეტები ან რაიმე სხვა, ამიტომ მე გავაკეთე ყველაფერი მამაჩემის საქმის დასაცავად და გასაგრძელებლად. “- აცხადებს კახა ბენდუქიძის ქალიშვილი.

ანასტასია ასევე აბიტურიენტებაც მიმართავს: „მე ვიცი, რომ ასობით აბიტურიენტმა პირველ პრიორიტეტად აირჩია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები და მე ძალიან მადლიერი ვარ ამ არჩევანისა და ასეთი ნდობისთვის. აბიტურიენტებს “ცხელი” ზაფხული ელოდებათ, შესაბამისად, მე მათ ვუსურვებ წარმატებებს და მოუთმენლად ველოდები სექტემბერში სტუდენტების რანგში მათთან შეხვედრას, რათა მივულოცო მათ ეს წარმატება“.

მსგავსი სიახლეები