არარეგენერაციული, იმუნოგანპირობებული ჰემოლიზური ანემიის დიაგნოზი კატაში

23 თებერვალი 2026

არარეგენერაციული, იმუნოგანპირობებული ჰემოლიზური ანემიის დიაგნოზი კატაში

გასპარა 4 წლის ხვადი, კასტრირებული კატაა, რომელიც კლინიკა ვეტერინარიუმში მოიყვანეს. პატრონის ინფორმაციით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა უმადობა, უენერგიობა, ღებინება და წონაში კლება. აღსანიშნავია, რომ ფისოს მანამდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს ჰქონია.

კლინიკაში ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა ტაქიკარდია, ტაქიპნეა (აჩქარებული გულისცემა
და სუნთქვა), ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა) და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე. პაციენტი იყო დეჰიდრირებული და ლეთარგიული, გარე სტიმულებზე აღენიშნებოდა შემცირებული რეაქცია. კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით, კლინიკის ფართო პროფილის თერაპევტმა და ექოსკოპისტმა ნუცა ბესაშვილმა ეჭვი მიიტანა ანემიაზე.

პაციენტს კლინიკის ლაბორატორიაში ჩაუტარდა სისხლის საერთო მორფოლოგიური ანალიზი, რომელმაც დაადასტურა ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცირებული რაოდენობა სისხლში. ამასთან ერთად, გამოვლინდა თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია.

ანემია კრიტიკული იყო. ჰემატოკრიტი (სისხლის საერთო მოცულობაში ერითროციტების პროცენტული მაჩვენებელი) ნორმის ქვედა ზღვართან შედარებით 3.5-ჯერ იყო შემცირებული. დამატებით დადგინდა, რომ ანემია არარეგენერაციული ხასიათის იყო, რაც გულისხმობს იმას, რომ ძვლის ტვინში არ გამომუშავდებოდა სისხლის ახალი უჯრედები. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სისხლის ტრანსფუზია (გადასხმა) მკურნალობის აუცილებელ და შეუცვლელ პირობად ჩაითვალა.

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკას ღამის სტაციონარი არ აქვს, გუნდის გადაწყვეტილებით გასპარა ღამის განმავლობაში დარჩა კლინიკაში. პაციენტს უტარდებოდა ინფუზიური თერაპია, იღებდა სიმპტომატურ მედიკამენტებს და მიმდინარეობდა სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი.

პარალელურად მიმდინარეობდა დონორის ძიება. გასპარას ესაჭიროებოდა დიდი მოცულობით სისხლის ტრანსფუზია, ხოლო აღნიშნული რაოდენობის სისხლის აღება კატისგან თავად დონორისთვის სიცოცხლისთვის სარისკო იქნებოდა. ამის გამო, ერთადერთ გამოსავლად განიხილებოდა ქსენოტრანსფუზია, რაც გულისხმობს სისხლის გადასხმას ერთი სახეობის ცხოველიდან სხვა სახეობის ცხოველზე. მოცემულ შემთხვევაში გასპარას დონორი გახდა 6 წლის უნგრული პოინტერი.

ტრანსფუზიამდე დადასტურდა, რომ უნგრული პოინტერი აკმაყოფილებდა დონორისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს. დამატებით ჩატარდა დონორისა და რეციპიენტის სისხლის თავსებადობის ტესტი, რომლის შედეგიც დადებითი იყო.

ჰემოტრანსფუზია 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესის დასრულებისთანავე გასპარას მდგომარეობაში აღინიშნა დადებითი დინამიკა: გახდა უფრო აქტიური, დაიწყო გრუმინგი და საკვების მიღება.

ძაღლის სისხლის უჯრედები კატის ორგანიზმში გარკვეული იმუნური პროცესების შედეგად, როგორც წესი, 2-დან 6 დღის განმავლობაში იშლება, რის გამოც მიღწეული კლინიკური გაუმჯობესება დროებითი ხასიათის იყო. იმ შემთხვევაში, თუ გასპარას ორგანიზმი არ დაიწყებდა საკუთარი სისხლის უჯრედების ეფექტურ გამომუშავებას, მოსალოდნელი იყო მდგომარეობის გაუარესება და საწყის დონესთან დაბრუნება. შესაბამისად, აუცილებელი იყო პანციტოპენიის გამომწვევი ფაქტორის იდენტიფიცირება და მიზანმიმართული მართვა.

სისხლის მორფოლოგიური და ბიოქიმიური ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით, ანემიის შესაძლო გამომწვევი ფაქტორებიდან გამოირიცხა ჰემორაგიული (სისხლის კარგვით მიმდინარე), თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, ტოქსინებთან ექსპოზიციით და ინფექციური დაავადებებით განპირობებული ანემია.

ნუცა ბესაშვილის გადაწყვეტილებით, კლინიკის ლაბორატორიაში დამატებით ჩატარდა PCR ტესტირება კატის იმუნოდეფიციტის (FIV) და ლეიკემიის (FeLV) ვირუსების გამოსარიცხად, რადგან ამ ვირუსებს, განსხვავებული მექანიზმებით, შეუძლიათ ძვლის ტვინის ნორმალური ფუნქციის დარღვევა.

პაციენტს დაესვა NRIMHA-ის დიაგნოზი (Feline Nonregenerative Immune Mediated Hemolytic Anemia). ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ცხოველის იმუნური სისტემა თავს ესხმის როგორც პერიფერიულ სისხლში არსებულ ერითროციტებს და იწვევს მათ დაშლას (ჰემოლიზური ანემია), ასევე ზიანდება ძვლის ტვინი და სისხლწარმომქმნელი უჯრედების პრეკურსორები. შედეგად, ერთი მხრივ ზიანდება უკვე არსებული სისხლის წითელი უჯრედები, ხოლო მეორე მხრივ ვეღარ ხდება მათი ეფექტური ჩანაცვლება ახლით. ძვლის ტვინის სუპრესიის გამო NRIMHA ხშირად მიმდინარეობს თრომბოციტოპენიასა და ლეიკოპენიასთან ერთად.

გასპარას მკურნალობა წარიმართა იმუნოსუპრესიული თერაპიის ფონზე. ასევე, მიმდინარეობს ლაბორატორიული მაჩვენებლების პერიოდული კონტროლი და აქვს დადებითი შედეგი, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. პაციენტი აგრძელებს მედიკამენტების მიღებას სახლის პირობებში.

1Kata 2Kata