ატლანტო-აქსიალური ქვეამოვარდნილობა პეკინესში

03 თებერვალი 2026

ატლანტო-აქსიალური ქვეამოვარდნილობა პეკინესში - წარმატებული ქირურგიული მკურნალობა.

ვეტერინარიუმში პეკინესს, ბუბუს, დაუდგინდა ატლანტო-აქსიალური ქვეამოვარდნილობა. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კისრის პირველი და მეორე მალების (C1-C2) არასტაბილურობით და იწვევს ზეწოლას ზურგის ტვინზე, რასაც თან ახლავს ნევროლოგიური დარღვევები.

ბუბუს 24 იანვარს, წინა შაბათს ღამით, განუვითარდა ტეტრაპარეზი (ვერც ერთ კიდურს ვერ ამოძრავებდა). 29 იანვარს, ხუთშაბათს, ვეტერინარიუმში გაუკეთდა ოპერაცია, ხოლო უკვე მეორე დღეს, პარასკევს, შეძლო დამოუკიდებლად სიარული.

ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, პაციენტს კახა ბენდუქიძის კამპუსში არსებულ Vet CT • ვეტ სითი-ში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, რის საფუძველზეც ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, დასვა დიაგნოზი - ატლანტო-აქსიალური ქვეამოვარდნილობა.
ვეტერინარიუმში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წინასაანესთეზიო შეფასებას.

შესაბამისად, ოპერაციამდე პაციენტს ჩაუტარდა:

  • ლაბორატორიული კვლევები - სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი და ელექტროლიტების განსაზღვრა
  • გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა

მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია. ატლანტო-აქსიალური სახსრის ფიქსაცია განხორციელდა სახსარში გამავალი ორი ხრახნიანი ქირურგიული ჩხირის გამოყენებით, რომლებიც ჩაისვა C1-C2 სახსარში. დამატებით, კიდევ ორი ქირურგიული ჭანჭიკი განთავსდა აქსისის (C2) კრანიალურ და კაუდალურ ნაწილებში. ფიქსაციის გასაძლიერებლად ქირურგიულ ჩხირებთან ერთად გამოყენებულ იქნა ძვლის ცემენტი.

ოპერაცია განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა პაციენტის მცირე წონისა და კისრის მალების მცირე ზომების გამო. შესაბამისად, საჭირო იყო წინასწარი დეტალური დაგეგმვა, მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენება და ოპერაციული პროცესის მაქსიმალური სიზუსტე.

მიუხედავად სირთულეებისა, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ. ასისტენტობას უწევდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტი მარი კაპანაძე. ანესთეზიის პროცესს ეფექტურად მართავდა კლინიკის ანესთეზიოლოგი, ნათია რობაქიძე.

ბუბუს რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. როგორც ზემოთ აღინიშნა, პაციენტმა, რომელიც ოპერაციამდე ვერც ერთ კიდურს ვერ ამოძრავებდა, ქირურგიული ჩარევიდან მე-2 დღეს უკვე შეძლო სიარული.

პოსტს ერთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოსახულება.

Pekingese1 Pekingese2 Pekingese3 Pekingese4 Pekingese5