ახალი მოდულების განვითარება მდგრადი ტურიზმის მართვის სფეროში
01 აპრილი 2015
ევროკავშირის ტემპუსის პროექტის ფარგლებში "საერთაშორისო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის ახალი მოდულების განვითარება მდგრადი ტურიზმის მართვის სფეროში", კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ორგანიზაციებში სტაჟირების მოწყობასთან დაკავშირებით ტურიზმის სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ზემოაღნიშნული პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაციისა და შედეგების გაცნობა და ბიზნეს სექტორის ჩართულობის მცდელობა საგანმანათლებლო საქმიანობაში.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული ერთ-ერთი მოდული - სტაჟირების სახელმძღვანელო.
პროექტში ჩართული უნივერსიტეტების მიერ თავიანთ სასწავლო პროგრამებში ორგანიზაციებში სტაჟირების ახალი მოდულის შემოტანით, სტაჟირების პროგრამა უნივერსიტეტებს მისცემს შესაძლებლობას ტურიზმის სექტორში შექმნან გარკვეული სამუშაო ქსელები და ამით სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა სწავლის პროცესის პარარელურად უნივერსიტეტებში მიღებული თეორიული ცოდნა განახორციელონ პრაქტიკაში სახელმწიფო ორგანიზაციების, ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის დამხარებით.
საკოორდინაციო შეხვედრაზე აგრეთვე განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და ბიზნესის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ უნივერსიტეტებთან.
ორგანიზაციებში სტაჟირების პროგრამის დანერგვით მოხდება უმაღლეს სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის კომუნიკაციის გაღრმავება ორივე მხარის ურთიერთმოლოდინის თანხვედრისათვის.
გამოითქვა სურვილი, რომ მომავალშიც გაგრძელდეს ასეთი სახის შეხვედრები, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი დაწესებულებებისა და ბიზნესის დაახლოვებას.