ბელგიური ნაგაზის ისტორია
21 აგვისტო 2025
2 წლის ბელგიური ნაგაზი, სახელად უნკასი, მოიყვანეს ვეტერინარიუმში კრიპტორქიზმზე ჩივილით. მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორივე სათესლე ჯირკვალი მდებარეობდა მუცლის ღრუში, შარდის ბუშტის მარჯვენა და მარცხენა მხარეს.
ასეთი მდგომარეობა პოტენციურად საშიშია, რადგან სათესლეების მუცლის ღრუში დარჩენა მნიშვნელოვნად ზრდის სიმსივნური ცვლილებების განვითარების და ასევე სათესლეების შემოგრეხვის რისკს, რაც ცხოველის სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს.
გადაწყდა ლაპაროსკოპიული ორქიექტომიის ჩატარება, რაც გულისხმობს სათესლე ჯირკვლების ამოკვეთას. ლაპაროსკოპიისაგან განსხვავებით, ტრადიციული ლაპაროტომიული მიდგომა ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, საკმაოდ ინვაზიურია და უფრო დიდ ჭრილობასაც საჭიროებს.
ლაპაროსკოპიული მეთოდით კი შესაძლებელი გახდა ორი მცირე ზომის განაჭრის (10 მმ და 5 მმ პორტების) მეშვეობით სათესლეების მუცლის ღრუდან ამოკვეთა.
მინიმალურად ინვაზიური მიდგომის წყალობით, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია გაცილებით სწრაფია, პაციენტს ნაკლები ტკივილი აღენიშნება, ჭრილობები მცირე ზომისაა და, შესაბამისად, ინფექციისა და გართულებების რისკიც დაბალია.
ლაპაროსკოპიული ქირურგიული პროცედურა ჩაატარა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა და ქირურგიის განყოფილების უფროსმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ. ის ფლობს ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს, არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი და ქირურგიული საგნების ლექტორი. ქირურგს ასისტირებას უწევდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტი, ლუკა ღლონტი.
ანესთეზიის პროცესი წარმატებით წარმართა ნათია რობაქიძემ, რომელსაც ანესთეზიის მიმართულებით სპეციალიზებული გადამზადება აქვს გავლილი პოლონეთში, ესტონეთსა და იტალიაში.
ვეტერინარიუმში ლაპაროსკოპიული პროცედურები ხორციელდება უახლესი, მაღალი ტექნოლოგიის მქონე აპარატურის - Mindray UX5 4K/NIR სისტემის გამოყენებით, რომელიც აღჭურვილია 4K ფლუორესცენციული ვიზუალიზაციის ფუნქციით.
ანესთეზიისთვის კი გამოიყენება ცხოველის ანესთეზიის უახლესი აპარატი Veta 5 Premium, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პაციენტის ზუსტი მონიტორინგი, ინჰალაციური ანესთეზიის მართვა და ფილტვების სწორი ვენტილაცია მართვითი სუნთქვის სისტემის დახმარებით.




