DCFTA-ის შესაძლებლობები აგრობიზნესებისათვის
10 თებერვალი 2015
7-8-9 თებერვალს პროექტის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესაძლებლობები აგრობიზნესისათვის“ ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ექსპერტებმა ჩაატარეს თემატური ტრენინგები.
პროექტი „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაძლებლობები აგრობიზნესისათვის“ წარმოადგენს USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში ამავე პროექტის ბენეფიციარებისათვის ტექნიკურ დახმარებას.
ტრენინგებმა მოიცვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები სურსათის უვნებლობის სფეროში; სახელმწიფო კონტროლის ფორმები და ჰიგიენის ნორმები სურსათის მწარმოებელი საწარმოებისათვის; სურსათის ეტიკეტირების წესები; წარმოშობის წესებისა და საბაჟო ტარიფების საკითხები.
ტრენინგებს დაესწრნენ:
- ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის ის კომპანიები რომლებიც ახორციელებენ თავისი პროდუქტის ექსპორტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები
- სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები
- ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებით დაინტერესებული ჟურნალისტები
ტრენინგები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბაზალეთის სასწავლო ცენტრში გაიმართა.
ტრენინგების ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ USAID-ის სერტიფიკატები. სერტიფიკატების გადაცემამდე ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილემ, თომას მორისმა; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა და ცოდნის ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა, ვატო ლეჟავამ.
პროექტის ფარგლებში, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების ექსპერტები ბიზნესის დახმარების მიზნით:
- შეიმუშავებენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოთხოვნების ანალიზს
- კონსულტაციებს გაუწევენ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირში პროდუქტის ექსპორტი
- შეიმუშავებენ თემატურ გზამკვლევებს ბიზნესის წარმომადგენლებისათვის