დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში - კლინიკური შემთხვევა ნორას მაგალითზე.
კლინიკა ვეტერინარიუმში მოიყვანეს 14 წლის მეტისი კატა, ნორა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მას აღენიშნებოდა საგრძნობლად წონის კლება, ლეთარგია (უმოქმედობა, მომატებული ძილიანობა), პოლიურია (ხშირი შარდვა), პოლიდიფსია (წყლის ჭარბი მიღება), დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება), მადის დაქვეითება, ასევე ნევროლოგიურ გამღიზიანებლებზე რეაგირების მცირედი დაქვეითება და პლანტიგრადული დგომა.
ფიზიკური გამოკვლევისა და ანამნეზის შეკრების შემდეგ, კლინიკის ფართო პროფილის თერაპევტმა ბარბარე ქურციკიძემ ნორას დაუნიშნა შემდეგი კვლევები: სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, სისხლის საერთო ანალიზი (მორფოლოგიით), ელექტროლიტები, შარდის ანალიზი და მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.
ანალიზების შედეგებში საყურადღებო იყო:
- ბიოქიმიურ ანალიზში ჰიპერგლიკემია (გლუკოზის მომატება შრატში) - 20,5 mmol/l (ნორმა: 3,9-8,2 mmol/l)
- ღვიძლის ფერმენტების მატება, რაც მიუთითებს ღვიძლის ფუნქციურ დარღვევაზე
- სისხლის საერთო ანალიზში ლიმფოპენია
- შარდის ანალიზში გლუკოზა 500+++, კეტონური სხეულები
სისხლის ანალიზების, კლინიკური ნიშნებისა და ანამნეზის საფუძველზე ნორას დაესვა დიაგნოზი - დიაბეტური კეტოაციდოზი, შაქრიანი დიაბეტის გართულებული ფორმა (კლინიკური ნიშნები: გლუკოზურია - შარდში გლუკოზის არსებობა, კეტონურია - შარდში კეტონური სხეულები, ჰიპერგლიკემია - სისხლში გლუკოზის მაღალი დონე).
დიაბეტური კეტოაციდოზი წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის გართულებულ ფორმას, რომლის დროსაც ვითარდება ინსულინის დეფიციტი. ამის შედეგად სისხლში გლუკოზის დონე იმატებს, ხოლო ორგანიზმი ენერგიის მისაღებად იწყებს ცხიმების დაშლას, რაც იწვევს კეტონური სხეულების წარმოქმნას.
კვლევის შედეგების დეტალური ანალიზისა და დიაგნოზის გათვალისწინებით, ბარბარე ქურციკიძემ შეიმუშავა შემდეგი მკურნალობის გეგმა:
- ინფუზიური თერაპია (5 დღის განმავლობაში კლინიკაში მიმდინარეობდა გადასხმები)
- ინსულინი (ლანტუსი) - ინექციები ყოველ 12 საათში ერთხელ (დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად)
- შესაბამისი დიეტური კვება
- გლუკოზის დონის მრავალჯერადი მონიტორინგი დღის განმავლობაში გლუკომეტრის საშუალებით
მკურნალობა აღმოჩნდა ეფექტური: სისხლში გლუკოზის დონე საგრძნობლად შემცირდა, შეწყდა პოლიურია და პოლიდიფსია, ნორამ დამოუკიდებლად დაიწყო საკვების მიღება და გახდა უფრო აქტიური.
აუცილებელია პერიოდულად ჩატარდეს კონტროლური კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი და ელექტროლიტების შეფასება.
მსგავსი სიახლეები
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026
ცოდნა, შრომა, თავისუფლება
17 მარტი 2026