დიდ ჯიშებში ქირურგიული ჩარევა TPLO წარმატებით განხორციელდა

23 იანვარი 2026

დიდ ჯიშებში ქირურგიული ჩარევა TPLO წარმატებით განხორციელდა.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმში TPLO ოპერაცია ჩაუტარდა კიდევ 5 დიდი ჯიშის პაციენტს: 2 კავკასიური ნაგაზის მეტისს, 1 გერმანულ ნაგაზს, 1 პოინტერს და 1 კანე კორსოს.

ხუთივეს დაუდგინდა წინა ჯვარედინი იოგის (cranial cruciate ligament) ნაწილობრივი გაწყვეტა – ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ორთოპედიული პრობლემა ძაღლებში. მათ აღენიშნებოდათ III ხარისხის კოჭლობა.

წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და თანამედროვე მკურნალობის მეთოდად ითვლება ქირურგიული ჩარევა – დიდი წვივის ნიველირებადი ოსტეოტომია (TPLO – Tibial Plateau Levelling Osteotomy). ეს მეთოდი საერთაშორისოდ ოქროს სტანდარტად არის აღიარებული და ხასიათდება მაღალი (90-95%) წარმატების მაჩვენებლით. იგი ძაღლს სრულფასოვან მოძრაობის ფუნქციას უბრუნებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

ვეტერინარიუმში ოპერაციის დასაგეგმად კლინიკის მთავარი ვეტერინარი ლაშა-გიორგი ჯაფარიძე იყენებს ლიცენზირებულ პროგრამას – vPOP PRO (Veterinary Preoperative Orthopaedic Planning). ეს არის მსოფლიოში წამყვანი პლატფორმა ვეტერინარული ორთოპედიული ოპერაციების წინასაოპერაციო დაგეგმისთვის. იგი საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს მოტეხილობების ხასიათი, ძვლების ზომები, შეირჩეს ოპტიმალური იმპლანტები და წინასწარ შეფასდეს ოპერაციის სავარაუდო შედეგები.

ხუთივე პაციენტს ჩაუტარდა TPLO ქირურგიული ჩარევა ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ, რომელსაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით ამ მიმართულებით სპეციალიზებულ გადამზადება (Advanced TPLO – The Next Level) აქვს გავლილი ბულგარეთში. ლაშა-გიორგი ფლობს ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს. ასევე, ის არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი და ქირურგიული საგნების ლექტორი.

ანესთეზიის პროცესი წარმატებით წარმართა ნათია რობაქიძემ, რომელსაც ანესთეზიის მიმართულებით სპეციალიზებული გადამზადება აქვს გავლილი პოლონეთში, ესტონეთსა და იტალიაში.

ვეტერინარიუმში TPLO ჯამში უკვე 16-ჯერ ჩატარდა. თითოეულს ჰქონდა ძალიან კარგი შედეგი და პაციენტებს სრულფასოვნად აღუდგათ მოძრაობა.

TPLO 2 TPLO 3 TPLO