ევროპის აკადემიების ფედერაციის საბჭო კამპუსში
20 სექტემბერი 2016
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ევროპის აკადემიების ფედერაციის (რომლის ერთ-ერთი წევრად 1994 წლის 22-23 მაისს გამართულ გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს საქართველოს მეცნიერებათ ეროვნული აკადემია) – ALLEA-ს საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ფედერაციის სამოქმედო პროგრამა უახლოესი პერიოდისათვის და მის ფარგლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ამოცანები.
სხდომას ესწრებოდნენ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიუნტერ სტოკი, ვიცე-პრეზიდენტი დანიელა იეზოვა, ფინეთის ტამპერეს უნივერსიტეტის წარმომადგენელი კრისტა ვარანტოლა, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი ბრიჯიტ მასოლი, გაერთიანებული სამეფოს გლასგოს უნივერსიტეტის წარმომადგენელი გრეჰემ კაე, იტალიის ლინჩის აკადემიის წარმომადგენელი კარლო დაადა, შვეიცარიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი იურგ ფისტერი, ბელგიის სამეფოს ფლამანდიური აკადემიის წარმომადგენელი ჰუმბერტ ბოკენი და აღმასრულებელი დირექტორი მათიაშ იოჰანსენი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას კი წარმოადგენდა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე.
ALLEA - ევროპული აკადემიების ფედერაცია, დაარსდა 1994 წელს და დღეს აერთიანებს 59 აკადემიას ევროპის მასშტაბით. წევრი აკადემიები მოქმედებენ, როგორც სწავლული საზოგადოებები და კვლევის მწარმოებელი ორგანიზაციები, აერთიანებენ საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებების წამყვან მეცნიერებს.
წევრ აკადემიებთან ერთად, ALLEA მუშაობს და შესწევს უნარი წარმოაჩინოს ევროპის მეცნიერული, კვლევითი და ინოვაციური პოტენციალი და მიღწევები.