განათლების საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა - პროფესიები მომავლისთვის

03 ნოემბერი 2017

საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენაში “პროფესიები მომავლისთვის”.

ღონისძიება გაიმართა 31 ოქტომბერს და მისი ძირითადი მიზანი იყო პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ასევე, ათასწლეულის განვითარების ფონდის საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელებული ახალი პროფესიული პროგრამების გაცნობა.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოსთან (MCA-G) გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში ნერგავს 3 ახალ პროფესიულ პროგრამას მევენახეობა-მეღვინეობის, ვეტერინარიის და აგრობიზნესის მიმართულებით.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ახალი პროგრამები, ასევე კულინარიის აკადემია, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული პროფესიული კურსია.

უნივერსიტეტმა ასევე წარმოადგინა პროექტის ფარგლებში ახალი პროფესიული პროგრამებისთვის შეძენილი მოწყობილობა და კულინარიის აკადემიის სტუდენტების მიერ დამზადებული დესერტი.   

ღონისძიების სტუმრებმა - სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინის დეგუსტაციის, ლაბორატორიული ანალიზის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტესტირების კონკურსში. გამარჯვებულებს გადაეცათ აგრარული უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქრები.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა პარტნიორმა კომპანიამ Adjara Group Hospitality, გაიმარჯვა საკონკურსო ნომინაციაში “საუკეთესო ბიზნეს-პარტნიორი”. Adjara Group Hospitality აქტიურად თანამშრომლობს და ახორციელებს სხვადასხვა პროექტს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტთან და უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიასთან ერთად. კომპანია არის კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულების ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი.

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ახალი პროფესიული პროგრამებისთვის საჭირო სასწავლო ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსის განვითარების მიმართულებებით. სასწავლო პროგრამები შემუშავებულია საქართველოს განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მსოფლიოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვანი - ვახენინგენის უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობით.

მსგავსი სიახლეები