გოგუნას ისტორია
20 ნოემბერი 2025
ეს არის გოგუნა, 6 წლის მეტისი, რომელიც ვეტერინარიუმში მოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში და ახლა თავს კარგად გრძნობს.
მას აღენიშნებოდა კრიტიკული ჰიპოქსია, იმყოფებოდა აგონიის მდგომარეობაში, რის გამოც სასწრაფო გადაუდებელი დახმარება იყო საჭირო.
გოგუნას დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ინტუბაცია, რადგან იგი ვეღარ ახერხებდა სპონტანურ სუნთქვას და ესაჭიროებოდა ჟანგბადის მიწოდება.
ინტუბაციისას კლინიკის ფართო პროფილის თერაპევტმა და ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ შეამჩნია, რომ პაციენტს ტრაქეაში დაგროვილი ჰქონდა დიდი ოდენობით სისხლიანი ლორწო. პროცედურის სისწრაფიდან გამომდინარე, გოგუნას ჩაუტარა ბრონქოსკოპიული კვლევა, რათა გამორიცხულიყო უცხო სხეულის არსებობაზე ეჭვი და დადგენილიყო სისხლიანი ლორწოს წარმოშობის მიზეზი.
ბრონქოსკოპიის შედეგად უცხო სხეული არ იქნა გამოვლენილი, თუმცა ტრაქეა იყო ჰიპერემიული, სისხლმდენი და სასუნთქ გზებში გაჩენილი დიდი რაოდენობით სისხლის კოლტები და ლორწო მექანიკურად ბლოკავდა ჰაერის ნაკადს, რის გამოც გოგუნა ვეღარ ახერხებდა სუნთქვას.
ნათია რობაქიძემ გადაწყვიტა, რომ პირველ რიგში აუცილებელი იყო პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურება და მხოლოდ შემდეგ სხვა სადიაგნოსტიკო საშუალებების გამოყენების გაგრძელება. შედეგად, გოგუნა გადაყვანილი იქნა ღრმა სედაციის/ხელოვნური კომის რეჟიმში, მექანიკური
ვენტილაციით, რათა ორგანიზმს აღდგენოდა ჟანგბადის მიწოდება.
მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, გოგუნას გაუკეთდა გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელმაც აჩვენა ფილტვების კრანიალური წილების ატელექტაზი. გამომწვევ მიზეზად დადგინდა მწვავე, ხანგრძლივად მიმდინარე ინფექცია, რომელსაც თან ახლდა სპაზმური ხველა და სუნთქვის უკმარისობა. ასევე ფიქსირდებოდა ფილტვების შეშუპებითი ცვლილებები.
თერაპევტმა მიიღო გადაწყვეტილება ხელოვნური კომის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელების შესახებ, სანამ შეშუპებითი პროცესები და ატელექტაზის გამომწვევი მიზეზი არ აღმოიფხვრებოდა. პარალელურად დაიგეგმა გოგუნას გამოღვიძების კონტროლირებადი პროცესი, რათა შეფასებულიყო, განხორციელებული ქმედებების შემდეგ, პაციენტი შეძლებდა თუ არა სპონტანურ სუნთქვას.
გოგუნას ხანგრძლივი ჰიპოქსიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნათიამ დანიშნა ლაბორატორიული კვლევები, რომლებსაც უნდა დაედასტურებინა შესაძლო პერფუზიის დარღვევები და ორგანოთა დაზიანება. ანალიზებმა გამოავლინა მწვავე ინფექცია, ასევე ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური ცვლილებები, რაც დამატებით აუარესებდა პაციენტის მდგომარეობას.
ნათიამ შეიმუშავა ინტენსიური თერაპიის გეგმა და რადგან პაციენტს მთელი დღის განმავლობაში ესაჭიროებოდა მექანიკური ვენტილაცია და მუდმივი მონიტორინგი, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტები ლუკა ღლონტი და გიორგი ლოლაძე, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გოგუნას მდგომარეობის სწორ მართვაში. ლუკა და გიორგი ინსტრუქციის შესაბამისად უზრუნველყოფდნენ პაციენტისათვის ჟანგბადის უწყვეტ მიწოდებას და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლბის მუდმივ მონიტორინგს.
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა მუშაობს 19:00 საათამდე, თანამშრომლები დარჩნენ გვიანობამდე კლინიკაში და დაახლოებით 20:00-21:00 საათზე გოგუნა გამოყვანილ იქნა ღრმა სედაციიდან. მას უკვე შეეძლო სპონტანური სუნთქვა.
თერაპევტმა შეადგინა შემდგომი სამკურნალო გეგმა და პაციენტის მდგომარეობას დისტანციურად აკონტროლებდა. ამ ეტაპზე გოგუნა თავს კარგად გრძნობს, სახლში აგრძელებს მკურნალობას და ყოველდღიურად იკვეთება დადებითი დინამიკა.
მსგავსი სიახლეები
21 ნოემბერი 2025
შპიცი ბოას ისტორია
17 ნოემბერი 2025
მინიატურულ ჯიშებში ქირურგიული ჩარევა TPLO წარმატებით განხორციელდა
11 ნოემბერი 2025
ელენე ცხვარაძე სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, Université Grenoble Alpes-ში
05 ნოემბერი 2025
იზის ისტორია
28 ოქტომბერი 2025