ჰეტეროციკლური ნაერთების ქიმიის მერვე კონფერენცია კამპუსში
19 სექტემბერი 2014
20-24 სექტემბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი ევრაზიის ჰეტეროციკლური ნაერთების ქიმიის მერვე კონფერენციას მასპინძლობს. ორგანიზატორები არიან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია.
ჰეტეროციკლური ნაერთების ევრაზიული კონფერენცია წარმოადგენს სამეცნიერო ღონისძიებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2000 წელს. ის ტარდება ორ წელიწადში ერთხელ. პირველი სამი ჩატარდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში (სუზდალი, ნოვგოროდი, ნოვოსიბირსკი), შემდეგი იყო საბერძნეთი, ქუვეითი, ესპანეთი, თურქეთი, ხოლო წელს მასპინძლობს საქართველო, კონკრეტულად კი კამპუსი.
აღნიშნული კონფერენცია იზიდავს ევროპისა და აზიის მეცნიერებს როგორც ინდუსტრიული, ასევე აკადემიური სფეროებიდან.
ჰეტეროციკლური ნაერთების ევრაზიული კონფერენცია აგრძელებს თავდაპირველ ტრადიციას და მოიცავს უახლეს მიღწევებს შემდეგ სფეროებში: ჰეტეროციკლური ნაერთების ქიმია, ბიოლოგიურად აქტიური ჰეტეროციკლები (ფარმაცევტიკა და აგროქიმია), ჰეტეროციკლური ბუნებრივი პროდუქტები და მისი ანალოგები, წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების მიერ, წარმოდგენილი სინთეზური ჰეტეროციკლები. კონფერენციის მიზანია ჰეტეროციკლური ქიმიის მნიშვნელობის წარმოჩენა სამრეწველო და საგანმანათლებლო სფეროებში. აქ შესაძლებელია მოხსენების გაკეთება როგორც ზეპირსიტყვიერი, ასევე ბეჭდური სახით (პოსტერი), რათა ასოცირებულ პროფესორებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს მიეცეთ საშუალება წარმოადგინონ თავიანთი მიღწევები. სამეცნიერო მუშაობის გარდა, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ საქართველოს ისტორიული რეგიონები და გაეცნონ კულტურულ ძეგლებს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებს 32 ქვეყნის ასზე მეტი მეცნიერი.
პლენარული და მოწვეული მოხსენებით წარსდგებიან მეცნიერები: პროფ. ლოურენს ჰარვუდი (დიდი ბრიტანეთი), პროფ. ბრანკო სტანოვნიკი (სლოვენია), პროფ. დომენიკო სპინელი (იტალია, იტალიის ქიმიური საზოგადოების ვიცე-თავმჯდომარე), პროფ. რობერტო ბალლინი (იტალია,იტალიის ქიმიური საზოგადოების თავმჯდომარე), პროფ. კარცევი (რუსეთი), პროფ. იუსი (ესპანეთი), ვიმ დეგაენი (ბელგია), პროფ. ვილიამსი (სამხრეთ აფრიკა) და სხვა.