იორკშირული ტერიერი ბრაუნის კლინიკური შემთხვევა

02 თებერვალი 2026

იორკშირული ტერიერი ბრაუნის კლინიკური შემთხვევა.

2.3 კგ წონის 8 წლის იორკშირულ ტერიერს, სახელად ბრაუნის, ორთოპედიული გასინჯვის შემდეგ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, რის საფუძველზეც დადგინდა:

  • ბარძაყის ძვლის ვარუსული დეფორმაცია
  • კვირისტავის ჭაღის ართროზული ცვლილებები, რაც იწვევდა კვირისტავის მე-4 ხარისხის ამოვარდნილობას
  • ⁠წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა, რომელიც კლინიკურად გამოვლინდა მე-5 ხარისხის კოჭლობით

მე-5 ხარისხის კოჭლობა იწვევს კიდურის ფუნქციის პრაქტიკულად სრულ დაკარგვას, ძლიერ ტკივილს, კუნთების ატროფიას და ცხოველის ცხოვრების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას.

ასევე, მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული კვლევისას ბრაუნს დაუდგინდა შარდის ბუშტში ნალექის არსებობა, ხოლო ნაღვლის ბუშტში ვიზუალიზდებოდა ბილიარული ნალექის უხვი რაოდენობა, რის გამოც დაენიშნა 2-თვიანი მედიკამენტური მკურნალობა. მდგომარეობის კლინიკური გაუმჯობესებისა და სტაბილიზაციის შემდეგ დაიგეგმა ქირურგიული ჩარევა.

ოპერაციამდე ბრაუნის, კომპიუტერული ტომოგრაფიის გარდა, ჩაუტარდა კომპლექსური წინასაანესთეზიო გამოკვლევა, რომელიც მოიცავდა სისხლის საერთო ანალიზს (მორფოლოგიით), ბიოქიმიურ და ელექტროლიტურ კვლევებს, ასევე გულის ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას. აღნიშნული კვლევების შედეგებმა ანესთეზიოლოგ ნათია რობაქიძეს შესაძლებლობა მისცა, პაციენტისთვის ინდივიდუალური და უსაფრთხო საანესთეზიო მიდგომა შეემუშავებინა.

მინიატურული ჯიშის პაციენტს ჩაუტარდა კომპლექსური ქირურგიული ჩარევები:

  • ⁠ბარძაყის ძვლის დისტალური დახურული სოლისებური ძვალკვეთა ვარუსის კორექციის მიზნით
  • კვირისტავის ჭაღის ენდოპროთეზირება
  • ⁠დიდი წვივის ძვლის ნიველირებადი ოსტეოტომია (TPLO)

მინიატურულ ჯიშებში მსგავსი ოპერაციები განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ძვლების მცირე ზომის, იმპლანტების ზუსტი შერჩევისა და მილიმეტრებზე დამოკიდებული ქირურგიული მანიპულაციების გამო, რაც მაღალ ტექნიკურ სიზუსტესა და ხარისხიან ცოდნას მოითხოვს.

ოპერაციები დაგეგმა და ჩაატარა კლინიკა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ანესთეზიის პროცესს მართავდა ნათია რობაქიძე, ხოლო ქირურგს ასისტირებას უწევდა ბარბარე ქურციკიძე.

Brauny 1 Brauny 2 Brauny 3 Brauny 4