იზის ისტორია

05 ნოემბერი 2025

ვეტერინარიუმში TPLO ოპერაცია ჩაუტარდა იზის, რომლის რეაბილიტაციაც წარმატებით წარიმართა.

იზის დაუდგინდა წინა ჯვარედინი იოგის (cranial cruciate ligament) სრული გაწყვეტა და მას აღენიშნებოდა მე-5 ხარისხის კოჭლობა.
წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და თანამედროვე მკურნალობის მეთოდად ითვლება ქირურგიული ჩარევა - დიდი წვივის ნიველირებადი ოსტეოტომია (TPLO - Tibial Plateau Leveling Osteotomy). ეს მეთოდი საერთაშორისოდ ოქროს სტანდარტად არის აღიარებული და ხასიათდება მაღალი (90-95%) წარმატების მაჩვენებლით. იგი ძაღლს სრულფასოვან მოძრაობის ფუნქციას უბრუნებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

ვეტერინარიუმში ოპერაციის დასაგეგმად კლინიკის მთავარი ვეტერინარი და ქირურგიის განყოფილების უფროსი ლაშა-გიორგი ჯაფარიძე იყენებს ლიცენზირებულ პროგრამას - vPOP PRO (Veterinary Preoperative Orthopaedic Planning). ეს არის მსოფლიოში წამყვანი პლატფორმა ვეტერინარული ორთოპედიული ოპერაციების დაგეგმვისთვის. იგი საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს მოტეხილობების ხასიათი, ძვლების ზომები, შეირჩეს ოპტიმალური იმპლანტები და წინასწარ შეფასდეს ოპერაციის სავარაუდო შედეგები.

იზის ოპერაციამდე ჩაუტარდა შემდეგი დიაგნოსტიკური გამოკვლევები:

  • რენტგენოგრაფია
  • ლაბორატორიული ანალიზები (სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი, ელექტროლიტების ანალიზი)
  • გულის ულტრასონოგრაფია

ლაბორატორიული და რადიოლოგიური დიაგნოსტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ოპერაციის დაგეგმვისას, ისე ანესთეზიის უსაფრთხო მართვისთვის.

პაციენტს აგვისტოში ჩაუტარდა TPLO ქირურგიული ჩარევა ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ, რომელსაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით ამ მიმართულებით სპეციალიზებული გადამზადება (Advanced TPLO - The Next Level) აქვს გავლილი ბულგარეთში. ლაშა-გიორგი ფლობს ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს. ასევე, ის არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი და ქირურგიული საგნების ლექტორი. ქირურგს ასისტირებას უწევდა აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტი, ლუკა ღლონტი.

ანესთეზიის პროცესი წარმატებით წარმართა ნათია რობაქიძემ, რომელსაც ანესთეზიის მიმართულებით სპეციალიზებული გადამზადება აქვს გავლილი პოლონეთში, ესტონეთსა და იტალიაში.

Იზი Იზი2 Იზი3 Იზი4