ჟოზეფინას ამბავი
17 აგვისტო 2025
ჟოზეფინას ამბავი
ეს არის ჟოზეფინა, რომელიც ვეტერინარიუმში ლაპაროსკოპიით სტერილიზაციისათვის მოიყვანეს. რამდენადაც ჩვენს კლინიკაში დიდი მნიშვნელობა ექცევა წინასაოპერაციო გამოკვლევებს, ოპერაციამდე მას ჩაუტარდა:
- ლაბორატორიული ანალიზები – სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი, ელექტროლიტების ანალიზი
- გულის ულტრასონოგრაფია
ანალიზების შედეგები ნორმის ფარგლებში იყო, თუმცა გულის ულტრასონოგრაფიამ მცირე ცვლილებები აჩვენა, მარცხენა წინაგული გადიდებული აღმოჩნდა და ფიქსირდებოდა არითმია. ამის შემდეგ, კლინიკის ფართო პროფილის თერაპევტმა და ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ ჟოზეფინას ჩაუტარა ელექტროკარდიოგრაფიული (ეკგ) კვლევა, რომელმაც ვენტრიკულარული არითმია დაადასტურა. სწორედ ამიტომ ნათიამ გადაწყვეტილება მიიღო ოპერაციის გადადების შესახებ, რადგან საანესთეზიო რისკები მაღალი იყო.
ეკგ კვლევა გულის კუნთში წარმოქმნილი იმპულსების გამტარიანობის შეფასების საშუალებას იძლევა, რომლებიც პასუხისმგებელია მის შეკუმშვაზე. ნათია რობაქიძემ დაიწყო გამომწვევი მიზეზის ძიება და ჟოზეფინას სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი. სწორედ ამიტომ, 2 დღის განმავლობაში პაციენტი დილიდან საღამომდე იმყოფებოდა კლინიკაში და მუდმივ რეჟიმში ხდებოდა მისი გულის ელექტროკარდიოგრაფიის მონიტორინგი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რათა თერაპევტი დარწმუნებული ყოფილიყო რომ ჟოზეფინას არ ჰქონდა სიცოცხლისთვის საშიში გულის რითმი, რადგან არითმიების დიაგნოსტირებისთვის ხშირად აუცილებელია გულში ელექტრონული იმპულსების გამტარიანობის კვლევა 24 საათის ან მეტი ხნის განმავლობაში. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს თერაპევტს გამოავლინოს ისეთი პათოლოგიური არითმიები, რომელთა დიაგნოსტირება რამდენიმე წუთიანი სტანდარტული ეკგ-თი შეუძლებელია. 2-დღიანმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ჟოზეფინას გულის რითმი ძალიან ცვალებადი იყო.
დღის სტაციონარში დიდი ხნით ყოფნის განმავლობაში, კლინიკის ვეტერინართა გუნდი ზრუნავდა პაციენტზე, არა მხოლოდ ეკგ-ს მონიტორინგი და ფიზიკალური შემოწმება ხდებოდა, არამედ ჟოზეფინასთან თამაში და პერიოდულად მისი გასეირნება კამპუსის ტერიტორიაზე.
მონიტორინგის პარალელურად, ნათიამ ჟოზეფინას გაუკეთა თიროიდული ჰორმონის კვლევა, რათა გამოერიცხა ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული კარდიოლოგიური გართულება. ასევე პაციენტს გაუკეთდა ნატრიურეტული პეპტიდისა და დ-დიმერის ანალიზები. ნატრიურეტული პეპტიდის დონე მომატებული აღმოჩნდა, დ-დიმერი კი ნორმაში იყო.
ნატრიურეტული პეპტიდი არის ბიოლოგიური მარკერი, რომელიც ადრეულ ეტაპზე გვაძლევს საშუალებას გულის პათოლოგიაზე ეჭვი მივიტანოთ, მაშინაც კი, როდესაც პაციენტს არ აქვს კლინიკური ნიშნები და გულის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის შედეგებიც ნორმალურია. დ-დიმერი კი გამოიყენება ჰიპერკოაგულაციისა და ფიბრინოლიზის პროცესების შესაფასებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თრომბოზის რისკის მქონე პაციენტებში.
კვლევებისა და მონიტორინგის საფუძველზე ნათია რობაქიძეს გაუჩნდა ეჭვი, რომ გულში გამოვლენილი ცვლილებები არ იყო იდიოპათიური და შეიძლებოდა სხვა მიზეზით ყოფილიყო გამოწვეული. მესამე დღეს მან ხელახლა გააკეთა სისხლის საერთო ანალიზი და აღმოაჩინა, რომ თრომბოციტების დონე შემცირებული იყო (თუმცა ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებში). ამასთან ერთად, მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიულმა კვლევამ ელენთის ექოსტრუქტურის ცვლილებები აჩვენა. ეს ნიშნები პარაზიტულ დაავადებაზე მიუთითებდა და სწრაფი ტესტის შედეგად ჟოზეფინას ერლიხიოზი დაუდასტურდა.
ერლიხიოზი ფართოდ გავრცელებული ტკიპისმიერი ტრანსმისიული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მწვავე, სუბკლინიკური და ქრონიკული მიმდინარეობა. დაავადებით გამოწვეული ჰემოდინამიკური დარღვევების გამო მნიშვნელოვნად ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა. მწვავე მიმდინარეობისას გულის კუნთში ვითარდება ჰიპოქსია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაზიანებები, მაგალითად: იშემიური პროცესები და მიოკარდიტი. გარდა სტანდარტული დიაგნოსტიკური მეთოდებისა, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ერლიხიოზის შედეგად ორგანიზმში განვითარებულ პათოფიზიოლოგიურ ცვლილებებსაც, რადგან ეს იწვევს მკურნალობის ტრადიციული სქემის შეცვლის საჭიროებას. მწვავე მიმდინარეობისას ორგანიზმში დომინანტური ხდება სიმპათიკური აქტივობა, პარასიმპათიკური კი ითრგუნება, რის შედეგადაც ირღვევა როგორც ჰემოდინამიკა, ასევე იმპულსების გამტარიანობა გულში. ეს ხშირად იწვევს არითმიებს, განსაკუთრებით ვენტრიკულარულსა (რაც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს) და სუპრავენტრიკულარულ ფორმებს. შესაბამისად, ერლიხიოზის დიაგნოზის დადგენისას როგორც გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ისე ეკგ კვლევა უნდა გახდეს რუტინული ნაწილი.
ჟოზეფინას ძალიან გაუმართლა, რომ ერლიხიოზის დიაგნოსტირება კლინიკის თერაპევტის მიერ მოხდა დაავადების სუბკლინიკურ სტადიაზე, როდესაც კლინიკური ნიშნები ჯერ კიდევ არ არის გამოხატული.
პაციენტმა ერთთვიანი მკურნალობის კურსი გაიარა, რომელსაც ნათია დისტანციურადაც აკონტროლებდა და სრულად იყო ჩართული მკურნალობის პროცესის მეთვალყურეობაში. ამჟამად ჟოზეფინა ფიზიკურად უფრო აქტიურია და პულსის დასტაბილურება აღენიშნება.
შემდგომ ეტაპზე მას ჩაუტარდება გეგმიური გულის ულტრასონოგრაფიული და ეკგ კვლევები, რის შემდეგაც დიდი ალბათობით შესაძლებელი იქნება ლაპაროსკოპიული სტერილიზაციის უსაფრთხოდ ჩატარება.





მსგავსი სიახლეები

15 აგვისტო 2025
ვეტერინარიუმში სტერილიზაცია ლაპაროსკოპიით ტარდება

14 აგვისტო 2025
ენოტი ცაცუნას ისტორია

29 ივლისი 2025
ლაშა-გიორგი ჯაფარიძე მონაწილეობას მიიღებს Intrauma-ს მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმში

28 ივლისი 2025
ლიზა როგავა კლინიკურ პრაქტიკას ვეტერინარიუმში გადის

21 ივლისი 2025