კამპუსს სოფლის მეურნეობის მინისტრი ესტუმრა

15 დეკემბერი 2014

15 დეკემბერს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვია.

მინისტრმა დაათვალიერა განახლებული კამპუსი და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა რექტორმა, ლაშა გოცირიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ აგრარული უნივერსიტეტი, განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უმაღლესი სასწავლებელია. აგრარული უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, შეხვედრამ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საშუალება მისცა პირადად მინისტრისგან და სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან მოესმინათ აგრარული დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და გახდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები. ამ მხრივ ერთ-ერთ მიმართულებად განიხილება სტუდენტების აქტიური ჩართვა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის განხორცილებეულ ხელშემწყობ, მათ შორის დარგობრივ და რეგიონულ, პროექტებში. 

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე.

მინისტრის ვიზიტი კამპუსში დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა გამართულიყო, თუმცა კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო ერთი თვით გადაიდო.

მსგავსი სიახლეები